ფოთის მერია: ფოთში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

635

ფოთში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება, – აცხადებენ ფოთის მერიაში.

მერიის ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, დამატებითი პრობლემები შექმნა, დასახლებულ ტერიტორიაზე ხმაურის მატებისა და მტვრის წარმოქმნის სახით. ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობასთან შეხვედრებზე, არაერთხელ გამოიკვეთა აღნიშნული პრობლემები.

“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით არაერთხელ იქნა მოწვეული ექსპერტები ხმაურისა და მტვრის დონის ნორმასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით.

ამასთან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ახალი, შემოვლითი გზის მშენებლობის გეგმაც, რომელიც ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ, სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიასთან და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად განიხილა.

გარდა ამისა, ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია სადაც გაშენდება ახალი საავტომობილო გზა, რომელიც განტვირთავს მოძრაობას ნაბადის უბნის ქუჩებზე”, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.