თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა, სავარაუდოდ, აიკრძალება

700

წინა სტატია

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ესაუბრა.

მუმლაძის თქმით, გარდა ამისა, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ და ყველა ინიციატივაზე, რომელიც მერიას ექნება, გადაწყვეტილება მძღოლების მოსაზრების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„თუ მძღოლებთან მიიღწევა შეთანხმება, შეიძლება წავიდეთ ამ მიმართულებით, მაგრამ მათთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, – განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ასევე, „კარგი მიმართულებაა დაზღვევაც“.

„ძალიან ბევრ მძღოლს თუ ვკითხავთ, გვეტყვიან, რომ კარგია დაზღვევა და მესამე პირი, მგზავრიც დაზღვეული იქნება. პასუხსისმგებლობა არის მძღოლზე. შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით წავალთ, ცუდი არ იქნება, მაგრამ მძღოლი არ უნდა დაზარალდეს“, – განაცხადა მუმლაძემ.

თბილისის მერიის ტრასნპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, ჯამში მერია ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს, თუმცა მძღოლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნები გადაიხედოს.

„რეფორმას შეიძლება ახლდეს უკმაყოფილება, როგორც მძღოლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან. რეფორმა არ არის ორიენტირებული ტაქსების რაოდენობის შემცირებაზე. ის არც ვინმეს შეზღუდვას ისახავს მიზნად. პირიქით, B კატეგორია საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ეს დავუშვით. ასევე, ტაქსის მძღოლები გავათავისუფლეთ საშემოსავლო გადასახადისგან, არ მოვთხოვეთ მეწარმედ დარეგისტრირება. არ ჰქონდათ პარკირება და გავაკეთეთ, გადაღებვის ნაცვლად დავთანხმდით ფირის გადაკვრას, დავურიგეთ ვაუჩერები. პირიქით, ტაქსების პოპულარიზაცია მოხდა“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფასების რეგულირების საკითხს, მუმლაძის თქმით, აღნიშნულ საკითხში ჩარევა არც რეფორმის მესამე ეტაპის დღის წესრიგში დგას.

„ფასების რეგულირების საკითხში ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ. პირიქით, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ფასიც, ტაქსების რაოდენობაც და მომსახურების ხარისხიც. ჯგუფს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე. თუ ტაქსის მძღოლების მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მათთვის. ფასის გაძვირებაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ პერიოდიდან თბილისში მოძრავი ტაქსები ორ – A და B კატეგორიად გაიყო. ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანია, გავლილი აქვს ტექდათვალიერება და ფლობს ლიცენზიას. A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს საშუალება აქვთ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ. კერძოდ, ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით და ტაქსის უფასო ნიშნებით. ასევე მათ უფლება აქვთ ავტომანქანაზე რეკლამა განათავსონ და დამატებით შემოსავალი მიიღონ.

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, ისინი დედაქალაქში ტაქსის ნიშნით ვერ დადიან და პრივილეგიებითაც ვერ სარგებლობენ. თბილისში ამ დროისთვის ლიცენზია 16 731 მძღოლს აქვს.