ნაძალადევს რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა

675

მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში მდებარე კორპუსების მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა, რისთვისაც რაიონის გამგეობამ 403 594 ლარი დახარჯა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს.

ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო, ცოტნე დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-3 კორპუსში ხორციელდება.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ. კონკრეტულად ამ კორპუსის წყალარინების ქსელი 46 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, 173 ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 69 446 ლარია.

პროექტის ფარგლებში, იცვლება 250 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი, ასევე, 15 მონტაჟდება საკომუნიკაციო ჭა.

გარდა ამისა, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ნოემბერში კორპუსის ქსელების რეაბილიტაცია კიდევ ოთხ მისამართზე დაიწყება.