გორის მერიის შენობაზე “სირცხვილიას” სტიკერები გააკრეს

527

სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია – პერფორმანსი გამართა. მეგობრებთან ერთად, მან მერიასთან “#სირცხვილიას” სტიკერები გააკრა და ერთი წლის წინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“გორის მერი არის სამარცხვინო. გორი და გორელები ბევრად უკეთეს მერს იმსახურებენ. იმედია, ახლაც დასასვენებლად არ არის წასული და მოგვიანებით არ გააკეთებს განცხადებას. მუდმივად უნდა ახსოვდეს ამ ადამიანს, რომ მისი საქციელი არის სამარცხვინო. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნაგავი დამაყარა თავზე და დღემდე ეს საქმე დასრულებული არ არის, სასამართლოზეც არ ვარ ნამყოფი. ერთადერთხელ გავიგე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ჩამოვედი და დარბაზში არ შემიშვეს”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ერთი წლის წინ, სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს გორის მერიის ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა თავზე ნაგავი დააყარა. მაქარაშვილი აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, განცხადებას, თითქოს აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აქციის დასრულების შემდეგ მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა.

სამართალდამცავებმა გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს, თუმცა უფლებადამცველები მოითხოვდნენ საქმის წარმოებას არაადამიანური მოპყრობის მუხლით. საქმეს კვალიფიკაცია არ შეცვლია, გამოძიება გრძელდება, პროკურატურამ გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. თემურ მანველიშვილმა კი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა.