მარნეულის სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღი ვერც 10 ოქტომბერს გაიხსნა

46

სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღი ვერც დღეს, 10 ოქტომბერს გაიხსნა. ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი მიზეზად არასაკმარის ინვენტარს ასახელებს და ამბობს, რომ მათი განთავსება ბაღში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფორმაციას რადიო მარნეული აქვეყნებს.

„ინვენტარი მოდის, ჯერ სრულად არ არის მოტანილი, იმიტომ გადავავადეთ. ერთ-ორ დღეში მზად ვიქნებით. შემდეგ მერიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გახსნა როდის იქნება. ახლაც აქ, საიმერლოს ბაღში ვარ“ – გვითხრა ქარამოვმა.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყო, საიმერლოს ბაღის 140-მდე აღსაზრდელი სახლში დარჩა. მიზეზი იმ ტენდერის ჩაშლა გახდა, რომლითაც მუნიციპალიტეტს საოჯახო ტექნიკა, მაცივრები, ელეტროქურები და სხვა საჭირო ნივთები უნდა შეეძინა.

საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო. ორი წლის განმავლობაში, 100-მდე აღსაზრდელი ამავე სოფლის ერთ-ერთ კერძო სახლში იყო შეფარებული.

ახალი საბავშვო ბაღი „შპს მემონტაჟე ნიკამ“ ააშენა, რომელსაც სამუშაოებისთვის ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტზე 587 000 ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტში ამჟამად 14 საბავშვო ბაღი მუშაობს, რაც მარნეულის მასშტაბით სკოლამდელი განათლების მიღებას ვერ უზრუნველჰყოფს. მაგალითად, წელს არასაკმარისი ადგილების გამო 200 აღსაზრდელი სარეზერვო სიაშია.