გარეგანათებები და ბეტონის გზები – რა კეთდება ქედაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით

59

ქედის სოფლებში, მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტად დასახელებულ სასოფლო თუ, საუბნო გზებზე, ბეტონის საფარის დაგება თითქმის დასრულდა. სამუშაოები  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. რამდენი  დახარჯა  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ მიმართულებით? ამის შესახებ სიუჟეთი ტვ25-მა გააკეთა.

ბეტონი დააგეს წონიარის თემის სოფელ კანტაურში, სადაც, მანამდე ადგილობრივის თქმით, მოსახლეობის მონაწილეობით, სოფლის გზის ჩახერგილი მონაკვეთი გაკეთდა. პროგრამულად ამავე სოფელში, გარე განათებაც მოეწყო.

გარე განათება მოეწყო, ამავე თემის სოფელ ტიბეთაშიც, რისთვისაც 10 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. პროგრამის არსებობას მოსახლეობა დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სოფლის განვითარებისთვის დაფინანსების გაგრძელება აუცილებელია.

ზესოფლისთვის 12 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. აქ ელექტრო წისქვილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სიმინდის საფქვავების რეაბილიტაცისთან ერთად, სოფლის წყალგამანაწილებელი ავზიც უნდა მოეწყოს.

ქედაში, სამი სოფლის: ზესოფლის, ხუნკუდა და გულების სასმელი წყლის მთავარი მაგისტრალის მშენებლობა წლების წინ დასრულდა, თუმცა იმის გამო, რომ სამუშაოები სრულყოფილად ვერ შესრულდა, მოსახლეობის ნაწილი, ამ მაგისტრალიდან წყალს სრულყოფილად ვერ ღებულობდა. ერთხელ უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის თანხა ისევ გამოიყო და ახლა მოსახლეობა პრობლემის სრულად მოგვარებას ელოდება.

ქედის მერიის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მტკიცებით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება. სულიკო ბოლქვაძე დასძენს, რომ ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად თანხა, წელს აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყო. ქედის სოფლებში, სულ 95 პროექტი უნდა განხორციელდეს, რომლისთვისაც მთლიანობაში 740 ათასი ლარია გაწერილი. მოსახლეობამ პრიორიტეტად კი, ძირითადად სოფლის გზებზე, ბეტონის საფარის დაგება და გარე განათების მოწყობა მოითხოვა.