სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ა(ა)იპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

1219

სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ტურისტული ა(ა)იპ–ისთვის, სადაც ვაკანსია მეორედ გამოცხადდა, აპლიკანტებთან გასაუბრება დასრულდა. ახალი თანამშრომლები ამ ეტაპზე შერჩეულები არ არიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) თანამშრომლების შესარჩევად, კონკურსი მეორედ, 30 აგვისტოს შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდა: მარკეტინგის მენეჯერი, PR მენეჯერი და აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე გვიხსნის, გასაუბრებაზე მხოლოდ ოთხი აპლიკანტი მივიდა, ორი მარკეტინგის და პიარის, ხოლო ორი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

საკონკურსო კომისიამ კონკურსანტებს დამატებით ტესტირება დაუნიშნა და ამ ეტაპზე მათი ნამუშევრები მოწმდება.

„კონკურსანტებს მათი უნარჩვევების შესამოწმებლად გასაუბრება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჩაუტარეს. ახლა მათ მიერ დაწერილ ტესტებს ამუშავებენ, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღოთ“, – განმარტავს ეკატერინე ორჯონიკიძე.

ტურისტული ააიპ–ისთვის გამოცხადებულ პირველ კონკურსში, შესამაბისი კადრი მხოლოდ ერთ, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე შეირჩა.

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.