ლაშა დარსალია – ტრადიციულად, როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხი დგება, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებათა მაგიდას ტოვებს

43

ტრადიციულად, როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხი დგება, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებათა მაგიდას ტოვებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებათა 49-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა. დარსალია აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ საკმაოდ მძიმე ფონი იყო.

„რაუნდის წინ საკმაოდ მძიმე ფონი იყო, შესაბამისად, არც დიდი მოლოდინები არ იყო, რომ რამე გარღვევა მოხდებოდა ამ რაუნდზე. ყველას ინტერესშია არსებული ვითარების დეესკალაცია, ყველას ინტერესშია, რომ ვითარების თანდათანობითი განმუხტვა მოხდეს. ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც მხარეებმა აღნიშნეს. რამდენიმე იდეა იყო თანათავმჯდომარეების მხრიდან წამოყენებული, რასაც დავამუშავებთ, ეს საკითხებია, რომელზეც ჯერ კიდევ დეტალურად არის სამუშაო და უკვე შემდგომი რაუნდისთვის დავბრუნდებით ჩვენი პოზიციით. რამდენიმე შემოთავაზება იყო, თუ რა კუთხით, რა მიმართულებით შეიძლება ნაბიჯები იქნას გადაგმული იმისთვის, რომ ზოგადად, ვითარების დეისკალაცია მოხდეს.

იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან, გადასასვლელები გაიხსნება. კონკრეტული თარიღის თქმა, ან ის, რომ ეს ასე მოხდება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ეს იყო ერთ-ერთი მწვავე საკითხი დაყენებული საქართველოს დელეგაციის მხრიდან. ამაზე გამოხატული იყო პოზიციები ჩვენი პარტნიორების, ასევე თანათავმჯდომარეების მხრიდან.

ჟენევის დღის წესრიგში რა საკითხებიც დგას, რადენიმეა. ეს გახლავთ, ძალის არგამოყენების საკითხი, დევნილთა დაბრუნების საკითხი. ამ საკითხებზე ჩვენ კვლავ უცვლელი რეაქცია გვაქვს მეორე მხრიდან. ძალის არგამოყენების საკითხი დიდი ხანია გაჭედილია და რუსეთის დელეგაცია არ იღებს ვალებულებას, ცდილობს მას თავი აარიდოს. რაც შეეხება დევნილთა დაბრუნების საკითხს, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულად, როგორც კი ეს საკითხი დგება, ისინი მოლაპარაკებათა მაგიდას ტოვებენ. ყველა რაუნდი, რაც ჩატარებულა, 49-ვე რაუნდი იმით დასრულდა, რომ დევნილთა საკითხის განხილვისას რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა. ახალი არაფერი მომხდარა, ეს არის ის, რაც სამწუხაროდ, 48 რაუნდია ხდება“, – განაცხადა დარსალიამ.