კახეთის რომელი მუნიციპალიტეტი რამდენით დაფინანსდება 2020 წელს დღგ-ის 19%-დან

693

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2020 წელს დღგ-ის 19%-იდან კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მაღალ დაფინანსებას თელავი მიიღებს. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის პროექტიდან ხდება ცნობილი, თელავის მუნიციპალიტეტი გაისად თითქმის მილიონი ლარით მეტს მიიღებს, ვიდრე წელს, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაფინანსების პროცენტი არ იცვლება და კვლავ 1.42% იქნება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა 13 435.3 ათასი ლარი მიიღო, გაისად ეს თანხა 14 425.8 ათასი ლარი იქნება.

დაფინანსების მოცულობით მეორე ადგილზე გურჯაანის მუნიციპალიტეტია. 2020 წელს ეს მუნიციპალიტეტი წლევანდელზე 2 მილიონით მეტს მიიღებს. იზრდება დღგ-ის ფორმულით დადგენილი პროცენტიც და ის 0.91%-დან 1.06% გახდება. შესაბამისად, თუ წელს გურჯაანს 8 609.1 ათასი ლარი ერგო, გაისად ეს თანხა 10 761.4 ათასი ლარი გახდება.

მილიონ შვიდასი ათასით გაიზრდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. ის გაისად, 0.93%-ის ნაცვლად, 1.04% დაფინანსდება. შესაბამისად, თუ წელს მისთვის გამოყოფილი თანხა 8 841.3 ათასი ლარი იყო, 2020 წელს ის 10 546.8 ათასი ლარი გახდება.

თითქმის ორი მილიონით გაიზრდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. ის, 0.83%-ის ნაცვლად, 0.97%-ით დაფინანსდება. თანხა კი, 7 855.6 ათასიდან 9 819.5 ათასი გახდება.

0.70%-დან 0.81%-მდე, თანხა კი – მილიონ ექვსასი ათასით გაეზრდება ახმეტის მუნიციპალიტეტს. თუ წელს მან 6 585.6 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში მისი დაფინანსება 8 232.0 ათასი ლარი გახდება.

რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტს, მას დაფინანსების პროცენტი 0.43-დან 0.50%-მდე, თანხა კი 1 მილიონით გაეზრდება. შესაბამისად, თუ წელს დღგ-ის 19%-ის განაწილებიდან ამ მუნიციპალიტეტს 4 096.3 ათასი ლარი შეხვდა, 2020-ში ის 5 120.3 ათასი ლარი გახდება.

940 ათასი ლარით გაიზრდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც, რომელიც წელს 0.40%-იან ნიშნულზე იყო, გაისად კი 0.46%-მდე აიწევს. ამიტომაც თუ 2019-ში თანხამ 3 769.4 ათასი ლარი შეადგინა, 2020-ში ის 4 711.7 ათასი ლარი იქნება.

დღგ-ის 19%-ის განაწილებიდან ყველაზე ნაკლები თანხა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შეხვდება, თუმცა, მისი დაფინანსების წილი 0.15%-დან 0.17%-მდე გაიზრდება, თანხა კი 346 ათასით მოიმატებს. წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 1 384.9 ათასი მიიღო, 2020-ში კი 1 731.1 ათას ლარს მიიღებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.