ფოთის მერი: “სხვადასხვა ქალაქში მოხდა ხანძარი ასეთ ობიექტებზე. ამიტომ ჩვენ, პრევენციის სახით, წინასწარ ვაკეთებთ ისე, რომ სახანძრო დანაყოფები შეუფერხებლად შევიდნენ ტერიტორიაზე”

865

ფოთში, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, თამაზ უბილავას ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის სიძლიერის გამო, ბრიგადების დამატება მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც გახდა საჭირო.

ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, თუმცა, ამას გარკვეული დრო სჭირდება. არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული და 70-მდე დახლი დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ის სპეციალურად გააჩინეს. “დაიწვა ჩემი ორი მაღაზია, „ნისიების“ რვეულიც კი იქ არის. ვიღაცამ სპეციალურად წაუკიდა ცეცხლი. აქ ღამე ითიშება ყველაფერი”, – აცხადებენ მოვაჭრეები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ორი კვირის წინ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღეს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, გარემოვაჭრეებს გზა იმდენად ჰქონდათ ჩახერგილი, რომ იქ გავლა სახანძრო-სამაშველო მანქანებისთვისაც კი შეუძლებელი იყო.

ფოთის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ ადგილობრივ გამოცემა “ლაივპრესს” განუცხადა, რომ აგრარული ბაზრის მთავარი შესასვლელში გზის ცენტრალურ ნაწილზე არ იყო დაცული უსაფრთხოებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. მისივე თქმით, მოვაჭრეების დახლები გზის დიდ ნაწილს იკავებდა, რის გამოც აქ, საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო დახმარების მანქანა შესვლას ვერ მოახერხებდა. მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, დახლების აღება უსაფრთხოების გამო მოხდა, რათა ხანძრის დროს თავად მოვაჭრები არ დაზარალებულიყვნენ. “ამის გამო გვქონდა ჩვენ პრეტენზია იმ მოვაჭრეებთან. მათ ყველას თავიანთი მაღაზიები აქვთ, ფართები. მაგრამ ამ ფართის გარეთ თვითმმართველობის კუთვნილ ტერიტორიაზე არიან გადმოსულები საკმაოდ დიდი მანძილით. ფაქტობრივად სავალი გზა არის დაკავებული. უსახური ჩარდახები და უკანონო მიშენებები იყო”, – უთხრა “ლაივპრესს” შუბითიძემ.

კიდევ უფრო საინტერესო კომენტარი გააკეთა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას. მან თქვა, რომ გზას პრევენციულად ათავისუფლებენ იმ შემთხვევისთვის, თუ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდება. “იცით თქვენ, რომ სხვადასხვა ქალაქში მოხდა ხანძარი ასეთ ობიექტებზე. შემდეგ მოდიან და მთავრობას სთხოვენ კომპენსაციას. ამიტომ ჩვენ, პრევენციის სახით, წინასწარ ვაკეთებთ ისე, რომ სახანძრო დანაყოფები შეუფერხებლად შევიდნენ ტერიტორიაზე”, – განაცხადა კაკულიამ ტელეკომპანია “მეცხრე ტალღასთან” კომენტარში.

დღეს, ხანძრის გაჩენის შემდეგ, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში გაოცება ვერ დამალა, თუ რატომ ჩნდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზრობებზე ხანძარი. “ძალიან რთული ვითარებაა, 2000 კვადრატულ მეტრი ფართი იწვის. აქ იყო ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი“, – განუცხადა სააგენტოს ირაკლი კაკულიამ.

ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის, თეა ბელქანიას ინფორმაციით, არც ერთ მოვაჭრეს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნული სავაჭრო ცენტრი “ვითიბი ბანკის” საკუთრებაში იყო და მხოლოდ ოთხი დღეა, რაც ბაზრის ადმინისტრაციამ დაიკანონა, თუმცა, ჯერჯერობით, მათაც არ ჰქონდათ დაზღვეული. სავაჭრო ცენტრში სულ 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ “საზოგადოებრივს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

რას დაადგენს გამოძიება, ამას მისი შედეგებიდან შევიტყობთ, თუმცა, თუ თბილისში მომხდარი ხანძრების გამოძიების შედეგებს გავიხსენებთ, შესაძლოა, მათ მსგავსად, საზოგადოებამ სარწმუნო ინფორმაცია ვერც ფოთის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ გაიგოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი; ლაივპრესი, 1tv.ge, მეცხრე ტალღა