თბილისის ზღვაში უკანონო საკანალიზაციო დაერთებების გამოსავლენად მერია სპეციალურ სამუშაოებს იწყებს

40

თბილისის ზღვაში უკანონო საკანალიზაციო დაერთებების გამოსავლენად მერია სპეციალურ სამუშაოებს იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევი პირი სამართლებრივად დაისჯება.

“მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ საკითხზე, რომელიც ეხება თბილისის ზღვას და სავარაუდოდ, მასში დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებს. ეს არის ძალიან მძიმე. სტუდია “მონიტორს” ჰქონდა კითხვები. ვიცე-მერს მინდა ვთხოვო განმარტება, თუ არის ასეთი დაერთებები თბილისის ზღვაზე”,- განაცხადა კალაძემ.

ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ერთი დაერთება უკვე გამოვლენილია.

“მოგეხსენებათ, ამ რეზერვუარიდან თბილისის საკმაოდ დიდი ნაწილი მარაგდება. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ კომპანია GWP-ის მიერ მუდმივად ხორციელდება წყლის სინჯების აღება და ლაბორატორიული შემოწმება. მას არანაირი პრობლემა არ აქვს და სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს, რაც უნდა მიეწოდებოდეს თბილისის მოსახლეობას. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს ფაქტები, თბილისისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების უკანონო დაერთებებთან დაკავშირებით, რაც ხილული არ არის და რთულია დასადგენად. აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა. თუმცა დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები. თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა გაშიშვლება და შევხედავთ, სად არის დაერთებული. დღეს უკვე მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, სადაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაერთებას. რეაგირება იქნება ძალინ მკაცრი. პირველ რიგში მოხდება ფაქტობრივი დარღვევის აღმოფხვრა და სამართლებრივად წარმოება დაიწყება საკმაოდ მძიმე იმ პირებთან მიმართებით, ვისაც უკანონო ჭრები აქვს გაკეთებული”,- განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, სპეცტექნიკის საშუალებით სამუშაოები დაიწყოს თუ ვიზუალურად დაერთებები თვალხილული არ არის.

“სამწუხაროდ, არის თბილისის ზღვის ირგვლივ დასახლებები და ნახეთ, რომ ეს პრობლემა თავიდან იქნას აცილებული. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად”, – განაცხადა კალაძემ.