ზუგდიდის გამგეობამ „ტოიოტა პრადო“ სახელმწიფოს გადასცა

1400

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფოს „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომანქანა უსასყიდლოდ გადასცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მათ ამ ეტაპზე ყავთ საკმარისი ავტომანქანები, მისი შენახვა კი ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„იცით, რომ მომავალში მუნიციპალიტეტები ერთიანდება. ამიტომ ბიუჯეტში არ იყო გათვალიწინებული ამ მანქანის საწვავი, რემონტი. მოგეხსენებათ, მანქანა ყოველთვის მოითხოვს განახლებას. სახელმწიფო მერე შსს-ს გადასცემს“, – გვითხრა მაიზერ ნანავამ.

მისი თქმით, მანამდე აღნიშნული მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქონდა დროებით სარგებლობაში, თუმცა ზუსტად რამდენი ხანი, ვერ იხსენებს. მანამდე ვის ემსახურებოდა, არც ეს ახსოვს.

გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. გელა თოლორაიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ადრე, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იყო, ისინი აკრიტიკებდნენ ენმ-ს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების გამო. სწორედ ეს შეახსენეს პარტიის წევრებმა დღეს უმრავლესობას.

საკრებულოს სხდომის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა. ინფორმაცია არც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულა.

„ჩვენ ყველას ვაუწყებთ, მაგრამ ეტყობა გამორჩათ. ეს შეგნებულად არ მომხდარა. არც ისეთი საკითხები ყოფილა. იყო ორი საკითხი, ძალიან კარგი საკითხები. თქვენ თუ გააშუქებდით, კარგი იქნებოდა“, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მერი შენგელაია შვებულებაში იმყოფებოდა, დაუწყება კი ამ განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდან უნდა მომხდარიყო.

წყარო: ლაივპრესი