ორხევის დასახლებაში 156-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

2576

ორხევის დასახლებაში 156-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სკოლა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებდა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძისა და განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აქტიური კომუნიკაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.

გიორგი ტყემალაძე 156-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო და განაცხადა, რომ სკოლის რეაბილიტაციის დაწყება ორხევის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალი წლიდან მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში გააგრძელებენ.

“სკოლა ათასამდე მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას შენობის სავალალო მდგომარეობა ხელს უშლის. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდება როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული სივრცე. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომელიც სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. მომავალი წლიდან მოსწავლეებს სწავლისთვის ღირსეული პირობები ექნებათ,“- განაცხადა სამგორის რაიონის მაჟორიტარმა.