ადიგენის სოფელ ლელოვანში გაზის მილების შესაკეთებლად ასფალტის საფარი აყარეს და მიატოვეს

568

ადიგენში, სოფელ ლელოვანში ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია „სოკარის“ თანამშრომლებმა ასფალტის საფარი აყარეს, მილები შეაკეთეს და ისე წავიდნენ, რომ დაზიანებულ მონაკვეთზე გზა არ მოაწესრიგეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ლელოვნის ცენტრალური გზა დაახლოებით სამ ადგილზეა გათხრილი. ადგილობრივები ჩივიან, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს: „ერთ კვირაზე მეტია გადათხარეს გზები, ამოყარეს სანიაღვრე არხებიდან მილები და არც აღარავინ მოდის. გაზის გაყვანილობის დაზიანებული მილები უნდა შეეკეთებინათ და ჯერ მხოლოდ ამოთხარეს, გადათხარეს და დატოვეს“, – ამბობენ ლელოვანში მცხოვრებლები.

გაზის კომპანია „სოკარში“ ადასტურებენ, რომ გზის საფარი ნამდვილად გაზის მილების დაზიანების გამო გადაითხარა. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ დაზიანება მათი ბრალეულობით არ მომხდარა და ბუნებრივი აირის მაგისტრალი საგზაო სამუშაოების დროს დაზიანდა.

„გზის საფარის დაგების დროს, მიწისქვეშა მაგისტრალი დაზიანდა. მოხდა დაზიანება დაახლოებით კილომეტრ-ნახევარზე. ასფალტის საფარი ამოთხრილი სამ ადგილზეა. გამომდინარე იქიდან, რომ გზის საფარი კომპანიის ინიციატივით არ არის დაზიანებული, მისი აღდგენა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტმა. გზის საფარის პირვანდელი სახის დაბრუნება მერიის მოვალეობაა“, – აცხადებს კომპანია „სოკარის“ ოპერატორი თინათინ ჭუმბურიძე.

მისივე განმარტებით, იქამდე, სანამ სოფელ ლელოვანში გზის დაგების სამუშაოები დაიწყებოდა, პასუხისმგებელ კომპანიას „სოკარში“ მიმართვა უნდა გაეგზავნა: „ზოგადად, როდესაც ხდება გზის სამუშაოების შესრულება, ჯერ უნდა გამოაგზავნონ მოთხოვნა კომპანია „სოკარ ჯორჯი გაზში“, რომ წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და მოხდეს გადამოწმება თუ რა ტერიტორიაზე გადის ჩვენი ცენტრალური, მიწისქვეშა მაგისტრალი. დასკვნის შემდეგ, ხდება სამუშაოების დაწყება. ეს კი ის შემთხვევაა, როცა სამუშაოების დაწყებამდე შეთანხმება არ დადებულა“.

ადიგენის სოფელ ლელოვანში ასფალტის საფარი, გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტით დაიგო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი, „საგზაო სამმართველო N2“ იყო.

სოფელ ლელოვანში არსებული პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტი ინფორმირებულია, თუმცა იმ ფაქტს, რომ სამუშოების დაწყება შეთანხმების გარეშე მოხდა, ინფრასტრუქტურის სამსახურში უარყოფენ: „აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ შეთანხმება იდება, როცა კომუნიკაციები გადის მიწის ქვეშ“.

სამსახურის უფროსი, გოდერძი სხირტლაძე ამბობს, რომ გადათხრილ გზებზე ასფალტის დაგების სამუშაოებს ისევ მუნიციპალიტეტი შეასრულებს, თუმცა სამუშაოების დაწყება ამ დრომდე იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ კომპანია „სოკარს“ დაზიანებული მილების შეკეთება არ დაუსრულებია.

„ვინ დააზიანა, რა დაზიანდა ძნელი დასადგენია. შესაძლებელია მილები იქამდე იყო დაზიანებული, სანამ სამუშაოები დაიწყებოდა. ახლა გაზი რომ ჩართეს და ვერ მიიღო მოსახლეობამ, საჭიროებამ მოითხოვა, რომ გადაითხაროს და გაკეთდეს დაზიანებული მილები. გადათხრილ გზებს ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ველოდებით, რომ გაზის მილები მოწესრიგდეს. მილებმა რომ ისევ გაუშვას, კიდევ ხომ არ გადავთხრით?!“, – ამბობს გოდერძი სხირტლაძე.

ლელოვანში ცენტრალური გზა უკვე ერთი კვირაა გადათხრილია. მოსახლეობას ჯერ არც ბუნებრივი აირი მიუღია.