წყალტუბოს სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა

531

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს და ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სოფლის სამკილომეტრიანი მონაკვეთი დაზიანებულია და მათ გადაადგილების პრობლემა აქვთ. როგორც მოსახლეობა განმარტავს, გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

„დასახლებას გზა არ აქვს, ავტობუსი არ დადის. სასწრაფო დახმარების მანქანა დაგვიანებით მოდის. ამასთან, ბავშვებს სტადიონიც კი არ აქვთ. ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება და გზა მაინც შეაკეთონ, რომ ქალაქამდე მისვლა შევძლოთ”, – აცხადებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, დასახლებას ასევე სანიაღვრეების და კანალიზაციის პრობლემა აქვს და ყოველი წვიმის დროს წყალი სახლში შედით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის იონა ჯოჯუას თქმით, მაღლაკში, სვანების დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება, რის შემდეგაც უშუალოდ რეაბილიტაციაზე გამოცხადდება ტენდერი. სამუშაოებისთვის ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი და გზასთან ერთად სანიაღვრეების რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. მისი ვარაუდით, ზამთრის სეზონის გამო სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.