იუნესკომ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა

607

იუნესკომ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. ამის შესახებ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში გაიმართა. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“.

იუნესკოს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას. პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად.

ღონისძიებების მთავარი მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2021 წელს, მსოფლიო წიგნის დედაქალაქის ფარგლებში ღონისძიებები წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ანუ 23 აპრილს დაიწყება. ქალაქები, რომლებიც იუნესკო-ს მიერ მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელდება, საკუთარ თავზე იღებენ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას და მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებების ორგანიზებას.

2019 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი შარჯა დასახელდა, 2020 წლის კი – მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური.

მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს. 2001 წელს ეს წოდება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ხვდა წილად.