თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

676

სტატიის გაგრძელება

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი  ამბობს, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

„ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო კოცნა… უცებ დავინახე გვერდით ჩემი ტელეფონი, ვიღებ მეთქი ბატონო ილია… დამაგდო ძირს, ტელეფონი დამიფშვნა. როგორ გამოვიქეცი სახლში, არ მახსოვს, ისეთ ისტერიკაში ვიყავი, საკუთარი ხელით გამოვიძახე სასწრაფო, ფსიქოლოგიც კი დამინიშნეს. არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან ცუდად ვარ”, – ჰყვება საკრებულოს თანამშრომელი “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

ბრალდებებთან დაკავშირებით ილია ჯიშკარიანი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ „შეუძლოდ არის“.

„ნიუ ჰოსპიტალში ვარ და ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს დეპუტატი, ხოლო TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, ადასტურებს თუ არა მის მიმართ არსებულ ბრალდებას, ილია ჯიშკარიანმა არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია. უწყების ინფორმაციით საკრებულოს დეპუტატი და მისი თანაშემწე გამოიკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს,  138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.