კვლევა: მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების მიერ დამალული ფაქტები დეკლარაციებში

1505

მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში, თანამდებობის პირების ნაწილს, დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. კერძოდ, ისინი ფლობენ კომპანიებს, თუმცა ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვთ ასახული; ასევე, კუთვნილი კომპანიების წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვთ გადაცემული. შესაბამის კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 10-ში გამოვლინდა, მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 7 ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 8 ფაქტი და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 შემთხვევა.

მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა ასე გამოიყურება:

მცხეთის მუნიციპალიტეტში, გიორგი კაპანაძეს, მცხეთის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ შპს „ავანტის” 50% წილის მფლობელია. მას დეკლარირებული აქვს, რომ ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „იალქანი” (50%), შპს „კალაუბანი” (50%), შპს „ექსპედიტორი” (50%) და შპს „გოგორი” (50%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

მცხეთაში, გივი გიუტაშვილს, მცხეთის მერის პირველ მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი, სანდრო გიუტაშვილი შპს „შAGI”-ს 50% წილის მფლობელია.

ისევ მცხეთაში, ოთარ ჩხეიძეს, მცხეთის მერის მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „პროფესიონალის” და შპს „გონიო 2006”-ის 50-50% წილის მფლობელი და დირექტორია.

მცხეთაში, მარინა ზურაბიშვილი, მცხეთის მერის მოადგილე – ის არის მცხეთის მერის მოადგილის, ოთარ ჩხეიძის პარნტიორი შპს „პროფესიონალში”, იგი ფლობს კომპანიის 50% წილს, თუმცა მას ეს ინფორმაცია 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ასახული.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზურაბ სეხნიაშვილს, დუშეთის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „გიორგი 13-ის” 100% წილის მფლობელი.

დუშეთში, თამაზ უნდილაშვილს, დუშეთის მერის მოადგილეს – 2019 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე,  მაია გუგეშაშვილი არის შპს „ბაზალეთი 2018”-ის 100% მფლობელი და დირექტორი, ასევე შპს „ხარიხსის მართვის საზოგადოებრივ კოლეჯის” 24.5%-ის მფლობელი.

ისევ დუშეთში, კახაბერ ჩიტაურს, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „ოპტიმა 05”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გრიგოლ სეთურიძეს, ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარეს –
2019 წლის თებერვალში დეკლარირებული აქვს, რომ იგი არის შპს „ჯიმშენჯის” 50%
წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

თიანეთის მუნიციპალიტეტში, გიორგი წოწკოლაურს, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს
„მთაწმინდა +”-ის 50% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, დღემდე იკავებს შპს-ს დირექტორის თანამდებობას და არც საკუთარი წილი აქვს სხვა პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული.

სოსო მამულაშვილს, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი შპს „M შ G”-ს 50% წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, აღნიშნული წილი სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.