რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან – კვლევა

69

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, თანამდებობის პირების ნაწილს, დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. 30-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 7-ში გამოვლინდა.

კერძოდ, ისინი ფლობენ კომპანიებს, თუმცა ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვთ ასახული; ასევე, კუთვნილი კომპანიების წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვთ გადაცემული. შესაბამის კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

კვლევაში ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან თითო-თითო საჯარო პირი მოხვდა, ახალციხიდან კი – ორი.

სამცხე-ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა ასე გამოიყურება:

თამაზ ძაძამიას, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ მისი შვილი, გიორგი ძაძამია არის შპს „ადიგენის ავტოსატრანსპორტო საწარმო 2”-ის დირექტორი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ ამავე შპს-ს 100% წილის მფლობელი თავად არის. ამასთან, აღნიშნული წილი, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს.

როსტომ მაგრაქველიძეს, ასპინძის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის კოოპერატივ „ცეკავშირის“ დირექტორი.

გაიოზ ლომსაძეს, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს „ჯავახ-პროდუქტის” 100% წილის მფლობელი.

ოთარ არბოლიშვილს, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის კოოპერატივ „ტიმოთეს“ თავმჯდომარე.

კონსტანტინ ვარდანიანს, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – რომელიც საკრებულოს სხვადასხვა თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს, ბოლო დეკლარაცია 2019 წლის ივნისში შეავსო. მას არ აქვს დეკლარირებული ინფორმაცია „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას” შემოსავლების შესახებ, რომლის დირექტორის პოზიციასაც ის,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პარალელურად, კანონის დარღვევით იკავებს. „ფარვანამ”, ვარდანიანის დირექტორობისა და ნინოწმინდის საკრებულოში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ტენდერებიდან 209 100 ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან – 190 000 ლარი. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, ტელევიზიას ამავე პერიოდში – 114 115 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდა, მათ შორის – 100 915 ლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან.

ზაზა მელიქიძეს, ახალციხის მერს – დეკლარაცია 2018 წლის ოქტომბერში აქვს შევსებული. იგი შპს „მელიზას“ და შპს „ლეგის“ 100%-100% მფლობელია, თუმცა აღნიშნული წილები, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული.

ზაზა მელიქიძის მფლობელობაში არსებული და მასთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის შესახებ დეტალური კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის ივლისში გამოაქვეყნა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერების შესწავლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ზაზა მელიქიძემ 2012 წელს 50 000 ლარი შესწირა პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

გურამ მელიქიძეს, ახალციხის მერის პირველი მოადგილეს – 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ქაუნთ სერვისის“ 100% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, აღნიშნული წილი სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული. ამასთან, გურამ მელიქიძეს არ აქვს დეკლალირებული, რომ შპს „გამ ჯგუფის” დირექტორია. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ახალციხის მოქმედი მერი ზაზა მელიქიძეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.