13 ოჯახის და საპატრიარქოს დავა სათიბებისთვის ადიგენში

676

ადიგენში, ოთხი სოფლის მცხოვრებლები, სახელმწიფოსგან იმ შვიდი ჰექტარი მიწის დაკანონებას ითხოვენ, რომელიც წლების განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ. აღნიშნული ტერიტორია ერთი წლის წინ კი საპატრიარქოს გადაეცა. სასულიერო პირები მიწის დათმობას არ აპირებენ. 13–მა ოჯახმა სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ადიგენში, დერცელისა და კიკიბოს მიმდებარედ, მოსახლეობა შვიდი ჰექტრის რეგისტრაციას ეგრეთწოდებულ ქვაბიჯვრის ტერიტორიაზე ითხოვს.

ადგილობრივები რამდენიმე ათეული წელია ამ სათიბებით სარგებლობდნენ, თუმცა დარეგისტრირებული არ ჰქონიათ. გასულ წელს კი შეიტყვეს, რომ ტერიტორია სახელმწიფომ საპატრიარქოს დაურეგისტრირა და მალე ტერიტორიას ვერც გათიბავენ და ვერც პირუტყვის საძოვრად გამოიყენებენ.

ტერიტორიისთვის 13 ოჯახი დავობს – სოფელ მოხედან და ციხის ძირიდან, დერცელიდან და კიკიბოდან.

მოხელი დავით ბერიძე გვიყვება, რომ ტერიტორია სადავო მაშინ გახდა, რაც გასულ წელს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე ლითონის მილები მიიტანეს და ღობის შემოვლება დაიწყეს: “რომ ვიკითხეთ, ამხელა ტერიტორიაზე რატომ ავლებდნენ ღობეს, გვითხრეს, რომ მიწა მათ საკუთრებაში იყო. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ჩვენ არაფერი გაგვიგია და არც არავის შეუტყობინებია. ამის შემდეგ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ აეხსნა ყველაფერი და მიწა ჩვენთვის გადმოეცათ სარგებლობაში“.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ტერიტორიაზე სულ რვა ჰექტარი სათიბი მიწაა, თუმცა ერთი ჰექტარის დათმობაზე თანახმა არიან, რადგან აქ ტაძარი შენდება და მის მშენებლობას ხელს არ შეუშლიან.

„ჩვენ არც ერთი ოჯახი მართლმადიდებლები არ ვართ და არ გვინდა იფიქრონ, რომ ვინმეს წინააღმდეგნი ვართ. ერთ ჰექტარს დავუთმობთ, რომ ტაძარიც აშენედეს, ეზოც ჰქონდეს და შემოსასვლელიც, მაგრამ დანარჩენი დაგვიბრუნონ – ჩვენც ხომ გვინდა რჩენა“, – გვეუბნება მოხეს მკვიდრი დავით ბერიძე.

სადაო ტერიტორიაზე, კიკიბოს მკვიდრ დავით ბოლქვაძეს სათიბად ორი ფართი აქვს, აქედან ერთის მიღება ჩაბარების აქტიც აქვს, თუმცა ელექტრონული რეგისტრაცია ვეღარ მოასწრო და თავისთავად საპატრიარქოს კუთვნილებაში გადავიდა.

„არადა, ამის გარდა სხვა სათიბი არ მაქვს, ჩვენც ხომ გვინდა რაიმე შემოსავალი გვქონდეს, საქონელი გამოვკვებოთ. გაიხედეთ, ისეთი რელიეფია, სულ ტყე, აქ სად უნდა მოთიბო, ან საქონელი გარეკო საძოვრად“, – გვეუბნება დავით ბოლქვაძე.

კიკიბოელმა რამაზი გობაძემ კი, ექვსი წლის წინ, თანასოფლელისგან სახლი იყიდა და პირობის თანახმად, ის სათიბიც ერგო, რომელიც სადაო ტერიტორიაზეა. ამბობს, რომ საცხოვრებელშიც და სათიბშიც სესხით აღებული 8 000 დოლარი გადაიხადა, თუმცა არ დაურეგისტრირებია და ახლა უკვე საპატრიარქოს კუთვნილებაა ისე, რომ სესხიც არ დაუფარია.

„დარეგისტრირება ვერ მოვასწარი და ახლა იმხელა პროცენტების გადახდა მიწევს ბანკში ტყუილად – სათიბით ვერ ვისარგებლებ. სახელმწიფო არასდროს არ შეგვიწუხებია, არაფერ დახმარებას ჩვენ არ ვიღებთ, რაც გავქვს თავის სარჩენად, იმასაც გვართმევენ“, – ამბობს რამაზ გობაძე.

დერცელისა და კიკიბოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ, რელიეფის გამო, საძოვრებად და სათიბებად გამოსაყენებელი ტერიტორია თითქმის არ აქვთ. 13 ოჯახის ერთ–ერთი შემოსავლის წყარო კი სწორედ აღნიშნული სათიბებია, სადაც პირუტყვს საკვებს უმზადებენ: „აქ მესაქონლეობას მივდევთ. თუ მათი საკვები არ იქნება, როგორ უნდა შევინახოთ პირუტყვი?!“ – კითხულობენ აქაურები.
ადგილობრივების თქმით, ქვაბიჯვარში შვიდი ჰექტრის საპატრიარქოსთვის ჩამორთმევისა და მათთვის დარეგისტრირების მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართეს და ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებიც გაიმართა, თუმცა არცერთი მათგანი მათ სასარგებლოდ არ დასრულებულა. ამიტომ 13 ოჯახი იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში ორი კვირის წინ შევიდა. ადიგენის მოსახლეობის ინტერესებს კი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ იცავს. საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს ორგანიზაციის იურისტი: „ჩვენ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გაკეთება გვინდა და მანამდე თავს შევიკავებთ“.

სასამართლოს სხდომის თარიღი ჯერ არ ჩაუნიშნავს.

რა მიზნით და ვისი მოთხოვნით გადაეცა საპატრიარქოს ქვაბიჯვრის ტერიტორიაზე რვა ჰექტარი სათიბი მიწა, საპატრიარქოსგან და ეკონომიკის სამინისტროდან „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს ელოდება. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ყველაფერი სასამართლოში გაირკვევა.

მათივე თქმით, რაც ტერიტორიაზე დავა დაიწყო, ტაძრის მშენებლობა შეჩერდა. აქ მშენებლები არც „სამხრეთის კარიბჭეს“ დახვდნენ. დერცელის, კიკიბოს, მოხისა და ციხის ძირის მოსახლეობას შეხვედრა და აღნიშნულ საკითხზე საუბარი ზარზმის მონასტრის წინამძღვართან, ნიკოლოზ გეწაძესთანაც ჰქონდათ, რომელიც ქვაბიჯვარში ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობს: „გვითხრა, რომ რვავე ჰექტარი სჭირდებოდა და არ დათმობდა“.

ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ გეწაძე იგივეს აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთანაც“. მისი თქმით, საპატრიარქომ ერთი წლის წინ კანონიერად დაირეგისტრირა ტერიტორია და არაფერი აქვს სადავო.

„ეს იყო სახელმწიფოს ტერიტორია და ჩვენ დავირეგისტრირეთ, სახელმწიფომ მოგვცა. გამოდის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ წელს და გათიბეს, მე ვერ გამოვიყენე. ახლა მაგაზე ვედავო და ვუჩივლო?! აქ არაფერი არ არის სადავო. საქმე სასამართლოშია და იქ გაირკვევა ყველაფერი“, – გვეუბნება ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე დავის დაწყების შემდეგ ტაძრის მშენებლობის სამუშაოები არ შეჩერებულა და გრძელდება: „სადაც ტაძარი შენდება, ერთი ჰექტარი, არ არის სადავო და არც შეგვიჩერებია სამუშაოები. აქ ჯვრის სახელობის ტაძარს ვაშენებთ. მის გვერდით ძველი ნაეკლესიარიც არის, რომელსაც აღვადგენთ“.

ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ ადგილობრივებს სათიბად სხვა ფართობები აქვთ.

როდის ჩაინიშნება სასამართლო სხდომა და რას გადაწყვეტს ახალციხის რაიონული სასამართლო, უცნობია.