მესტიაში 15 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

636

მესტიაში შიდა გზების (15 ქუჩა) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 5 413 219 (ხუთი მილიონ ოთხას ცამეტი ათას ორას ცხრამეტი) ლარია.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) “თავადი-I” ასრულებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა მესტიის 15 ქუჩას:

გ. ჯაფარიძის ქუჩა; ა. ხერგიანის ქუჩა; ვიტორიო სელას ქუჩა; დ. აღმაშენებლის ჩიხი; ჭ. ჩართოლანის ქუჩა; ბ. ხერგიანის ქუჩა; ბეთლემის ჩიხი; ი. გაბლიანის ქუჩა (სტადიონის მონაკვეთი); მ. გვარლიანის ქუჩა;  ნ. ჯაფარიძის ქუჩა; სენაკის ქუჩა; ჯ. ხაფთანის ქუჩა; ე. ფარჯიანის ქუჩა;  ზ. ფალიანის ქუჩა;  ე. ფარჯიანის I ჩიხი.

სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს საყრდები კედლების მოწყობას და კედლის ფასადის მოპირკეთებას ქვით, გზის ნაწიბურების და ხის ღობეების მოწყობას, ასევე სადრენაჟო ხვრელების, ცხაურების და სათვალთვალო ჭების მოწყობას. ზოგიერთ ქუჩაზე გათვალისწინებულია ქვაფენილის მოწყობა, ხოლო ზოგიერთ ქუჩაზე დაიგება ასფალტის საფარი.

მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქუჩების მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. ამ ეტაპზე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები ჯ. ხაფთანის ქუჩაზე, სადაც რელიეფიდან გამომდინარე მიმდინარეობს გზის დამცავი გაბიონების მშენებლობა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2020 წლის 30 აგვისტომდე.