ახალციხის დეპუტატებმა ახლადშექმნილი ტურიზმის ააიპ–ის დაფინანსება გააპროტესტეს

436

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, ერთ–ერთი ცვლილება სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილ ტურიზმის ააიპ–ის 13 000 ლარით დაფინანსებას ეხება. ახალი ცვლილებები მიუღებელია დეპუტატების ნაწილისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, ახლადშექმნილ ააიპ–ს „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“(DMO) რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტი დააფინანსებს იგივე რაოდენობით.

„ვიდრე ეს ააიპ–ი გრანტებს მოიპოვებს და საკუთრი თავის დაფინანსებას შეძლებს, მუნიციპალიტეტები დააფინასებენ“, –განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მორჩენილი თანხები, რომელსაც რეგიონული განვითრების ფონდი ახორციელებდა, მთავრობას დაუბრუნდა:„ამასთან ერთად, მოხდა სოციალურ სფეროში მუხლობრივი გაადგილებები“.

ორგვერდნახევრიანი განმარტებითი ბარათი, რომელიც საკრებულოს წევრებს დაურიგდათ, მათში უკმაყოფილება გამოიწვია. დეპუტატების თქმით, ბიუჯეტის გადანაწილება გაუგებარია და ბურუსით არის მოცულია.

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, ბიუჯეტს ხელახლა ვამტკიცებთ, ლაბირინთივით არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ეკა ტატალაშვილმა.

სამცხე–ჯავახეთის ტურისტული ააიპ–ის, დაფინანსება კი მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობის წევრისთვის თამარ გოგოლაძისთვის, მისი თქმით მუნიციპალიტეტში ბევრი ააიპ–ია, რომელსაც დახმარება სჭირდება.

„მაგალითად მუსიკალური სკოლა, მივიდნენ და ნახონ ბავშვები რა პირობებში სწავლობენ, არანაირი პირობა არ არის შექმნილი და ახალ ააიპ–ებს ხსნიან. ეს არის ხალხზე მორგებული ბიუჯეტი, ბურუსით არის მოცული ყველაფერი“,–განაცხადა თამარ გოგოლაძემ.

ახლციხის საკრებულომ 30 სექტემბერს რიგით მეცხრე სხდომა გამართა, სადაც ოთხი საკითხი იყო წარდგენილი, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებისა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთ–ერთი მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ.