ზურაბ ალავიძე – კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება

670

კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც თვითმმართველ ქალაქებს ეხება.

როგორც ალავიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა. მისივე თქმით, არავის არაფერი სტატუსი არ ერთმევა.

„ჩვენ არ ვეხებით და იმ ტერიტორიულ პრინციპს ვინარჩუნებთ, რაც საქართველოშია. მაშინ უნდა დავყოთ ყველა სოფელი და ქალაქი ერთმანეთისგან, რაც ვთვლით და დარწმუნებულები ვართ, რომ მართვის კუთხით სწორი არ არის. ჩვენ არ ვამცირებთ დემოკრატიის ხარისხს, პირიქით, ამ დემოკრატიის ხარისხის გაზრდასთან დაკავშირებით სექტემბერის სესიებსა და მომდევნო პერიოდშიც საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება. ძალიან სამწუხაროა, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ჩვენთვის პირადად სამწუხარო იქნება და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს ვეტო დაძლეული იქნას“, – განაცხადა ალავიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის არ ეთანხმება პრეზიდენტს.
„ჯერ კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვთვლით, რომ პრეზიდენტის ეს პოზიცია გამართლებული იქნება“, – განაცხადა ალავიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი