უკანონო მშენებლობები დუშეთში – რატომ არ ცვლის მერია გენგეგმას, რომელიც მთავრობის დადგენილებას ეწინააღმდეგება

2234

წინა სტატია

ავტორი ეკატერინე ბასილაია

დუშეთის მუნიციპალიტეტში  სამშენებლო ნებართვების გაცემაზე დიდი განუკითხაობა გრძელდება და დუშეთის მერია დღემდე თავს არიდებს, გამოასწოროს ამ განუკითხაობის უმთავრესი საკანონმდებლო მიზეზიდუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ დუშეთის გენგეგმის შესაქმნელად ტენდერი ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, გამარჯვებული კომპანიაც მან გამოავლინა და ხელშეკრულებაც მანვე გაუფორმა, დღეს ეს დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის გასასწორებელია, რადგან გენგეგმა მუნიციპალიტეტის მერიამ მოიწონა, საკრებულომ დაამტკიცა და არც ერთ მათგანს არ უკითხავს, შეესაბამებოდა თუ არა გენგეგმა დუშეთში არსებულ რეალობას ან სხვა, ამ დოკუმენტზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტებს. გეგნგეგმები დღემდე ცენტრალიზებულად იწერება, ამჯერად ამ პროცესს ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს კი მისი შესრულების ვალდებულება ისე უჩნდებათ, ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, რა წერია ამ დოკუმენტებში.

როგორც ირკვევა, დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მთელი რიგი დარღვევებითაა შედგენილი. მაგალითად, ხშირად რუკაზე დატანილი შენობები და ქუჩები რეალურად არსებულ შენობებისა და ქუჩების ადგილმდებარეობას საერთოდ არ ემთხვევა. ასევე, მეორე და უმთავრესი პრობლემა, რომ დუშეთის გენგეგმა წინააღმდეგობაში მოდის უპირატეს დოკუმენტთან – მთავრობის 2014 წლის N59 დადგენილებასთან, სადაც  სამშენებლო ზონები და კოეფიციენტები სულ სხვანაირადაა განსაზღვრული.

გენგეგმაში არსებული დარღვევები და მთავრობის დადგენილებასთან შეუსაბამობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დუშეთის ოფისის ხელმძღვანელმა, სერგო ისაშვილმა 2017 წელს აღმოაჩინა.

ისაშვილის თქმით, დარღვევებით შედგენილი გენგეგმის გამდუშეთის განაშენიანება არასწორად და კანონის დარღვევით ხდება და ასევე, კორუფციულ გარიგებებზე კითხვებს აჩენს, რადგან ხშირია შერჩევითი დამოკიდებულებაც, როცა ერთი და იგივე ტერიტორიაზე, მაგალითად, ერთს აძლევენ კომერციული შენობის მშენებლობის ნებართვას სახლის სტატუსით, მეორესუარს ეუბნებიან.

ისაშვილი გასული 2018 წლიდან ითხოვს ამ საკითხის გამოსწორებას, ჯერ დუშეთის მერიაში წერილებით, შემდეგ – მთავრობის სხვადასხვა უწყებებში. მისი ამდენწლიანი ბრძოლა ახლა იმით გრძელდება, რომ მთავრობის ადმინისტრაცია დუშეთის მერიისგან ითხოვს, გამოსწორდეს გენგეგმაში არსებული დარღვევები და გენგეგმა მთავრობის N59 დადგენლებასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

ზუსტად იგივე რეკომენდაცია დადო 2 თვის წინ დუშეთის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმაც, რომელიც საია-ს იურისტის მხრიდან ატეხილი ხმაურის გამო ჩატარდა, თუმცა, დუშეთის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხის გამოსასწორებლად არც კვალიფიციური კადრები ჰყავთ და არც თანხა აქვთ, რომ ვინმე დაიქირაონ. დუშეთის მერი აცხადებს, რომ დასკვნა წაკითხული არ აქვს და არ იცის, გენგეგმა შესაცვლელია თუ არა. მშენებლობები კი დუშეთში ისევ გრძელდება და ხშირად – ისევ კანონის დარღვევით.

რას აფუჭებს დუშეთის გენგეგმა

სერგო ისაშვილის განცხადებით, მაგალითად, დუშეთში არის ორი მთავარი ქუჩა სტალინის და რუსთაველის, რომლებიც კომერციული განვითარებისთვის არის ძალიან კარგი და წლებია, ასე ვითარდება კიდეც, მათ შორის, ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ დუშეთის გენგეგმით, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ნაცვლად, ამ ქუჩებს საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც მთავრობის დადგენილებას ეწინააღმდეგება და ბევრ უკანონობას წარმოშობს

„მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ საცხოვრებელ ზონაში უნდა იყოს საცხოვრებელი სახლები, სააგარაკე ნაგებობები. ამ ორ ქუჩის ძირითადი ნაგებობები კი არის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონისთვის დამახასიათებელი. აქ  პრობლემაა ის, რომ, როდესაც მერიას მშენებლობის ნებართვას სთხოვ, ის გეუბნება, რომ კომერციულ ნაგებობას ვერ დავწერ და თუკი არქიტექტურის სამსახურში მაღალჩინოსანთან დაახლოებული ხარ, გეუბნება, რომ მოდი, პროექტში ჩავწეროთ საცხოვრებელი სახლი, შენ კი ააშენე, რაც გინდა და ასეც ხდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობაში კომერციული ობიექტებია. ამით გიადვილდება პროექტიც, რადგან ზონის გადაყვანა და ახალი ვალდებულებები, საბუთების და მთელი ბიუროკრატიის გავლა არ გიწევს, ხარჯიც ნაკლებია,“ – ამბობს ისაშვილი.

მისი თქმით, დუშეთის ორ მთავარ ქუჩაზე მიწის ნაკვეთი ძალიან ძვირი ღირს, 1კვ/მ 200 დოლარი და თუ  200 კვ/მ-ს ყიდულობ, 80 კვ/მ-ზე მეტის მშენებლობის ნებართვის უფლება არ გაქვს, როცა ეს არის საზოგადოებრივი-საქმიანი ზონა. ხოლო როცა საცხოვრებელი ზონა აქვს სტატუსად, უფრო მეტი ფართის გამოყენების უფლება გაქვს მშენებლობისთვის.

„არც ერთს არ უწერია, რომ კომერციული დანიშნულების ობიექტი შენდება, ყველას უწერია, რომ არის სახლი. ასეა „კრედო“ ბანკი, რომელიც მოქალაქემ ააშენა როგორც საცხოვრებელი სახლი, მაგრამ სახლი არ არის. ასევეა „ლიბერთი ბანკი“, ეს შენობაც ასევე საცხოვრებელი სახლის სტატუსით აშენდა. 2016 წლის შემდეგ, რაც გენგეგმა შევიდა ძალაში, ყველაფერი ასე შენდება და ეს რომ დარღვევაა, იცის არქიტექტურის სამსახურმაც და დოკუმენტებს აყალბებენ,“ – აღნიშნავს ისაშვილი.

ისაშვილის თქმითვე, ყველაზე დიდი დარღვევა, რითიც დაიწყო მან გენგეგმის უკანონობაზე საუბარი, ეხებოდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში გაცემულ სამშენებლო ნებართვას მოქალაქე მენაღარიშვილზე. ნებართვა გაცემული იყო მერიის სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, მაია ნავაძის მიერ და მთელი დავა საია-ს იურისტსა და მერიას შორის სწორედ ნავაძის სამსახურის მიერ ინფორმაციების დამალვით იწყება.

მაია ნავაძე და ადმინისტრაციული საჩივრების მთელი წყება

სერგო ისაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემას კურირებს სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი მაია ნავაძე.

თავდაპირველად ისაშვილმა ნავაძისგან გასულ წელს სწორედ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მოქალაქე მენაღარიშვილისთვის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტები მოითხოვა. მას პასუხი არ მიუღია. შემდეგ მერიისგან მოითხოვა დოკუმენტები, სადაც ნავაძეს დარღვეული ჰქონდა ინფორმაციის გაცემის ვადები, ან საერთოდ არ ჰქონდა შესრულებული ვალდებულება. არც ამაზე მიუღია პასუხი. ამის შემდეგ ისაშვილს 6 საჩივარი აქვს დაწერილი ნავაძის მიერ საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო.

რამდენთვიანი საჩივრების შემდეგ, 12 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მაია ნავაძეს დისციპლინურ გაფრთხილება მისცა. ისაშვილს კი მისწერა, რომ მისი მოთხოვნილი ინფორმაცია დიდი მოცულობისაა, რის გამოც გადამუშავებას დრო სჭირდება და მოგვიანებით გაუგზავნიან მასალებს. დაპირების მიუხედავად, ისაშვილს დოკუმენტები არ მიუღია. იურისტმა ნავაძეს სასამართლოშიც უჩივლა, თუმცა, სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს.

„მოსამართლემ მითხრა, რომ ვერ დაგიკმაყოფილებ ამ სარჩელს, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტს კარგი თანამშრომელი ეყოლება თუ ცუდი, ეს მოქალაქის საქმე არ არისო,“ – ამბობს ისაშვილი.

ისაშვილს დუშეთის მუნიციპალიტეტიდან პასუხების არმიღების გამო განცხადებები დაწერილი აქვს მთავრობის ადმინისტრაციაშიც, ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის სახელზეც. მთელი ამ ხმაურის შემდეგ მერიამ ამირან მენაღარიშვილის საქმეზე შიდა აუდიტს შემოწმება დაავალა. საქმე სამსახურის სპეციალისტს, გულნარა ელყანაშვილს დაეწერა, მან კი დაწერა დასკვნა, რომ დარღვევა არ აღმოჩნდა.

ისაშვილი აცხადებს, რომ „გულნარა ელყანაშვილი მაია ნავაძის დაქალია“ და ასეთ დასკვნას ელოდა კიდეც. თანაც, ელყანაშვილი ამ სამუშაოს შემდეგ სხვაგან, ტურიზმის სამსახურში გადაიყვანეს და ამით ერთგვარად პასუხისმგებლობაც მოუხსნეს.

„დუშეთი პატარა ქალაქია, ამიტომ როცა მშენებლობის ნებართვა სჭირდება ვინმეს, პირველ რიგში ხდება იმის გარკვევა, ვინ იცნობს მაია ნავაძეს. ნავაძესთან მიმსვლელი პირი კი გულიკო ელყანაშვილია და მას ბევრი მიმართავდა შეღავათისთვის. ამიტომ ელყანაშვილის დასკვნის იმედი არც მქონდა. მისი დასკვნის შემდეგ ადმინისტრაციული საჩივრებით მთავრობას მივმართე, მთავრობის ადმინისტრაციიდან კი დუშეთს მერიას მიეცა მითითება, რომ საია-ს სარჩელებზე პასუხი გაცემულიყო, რის გამოც დუშეთის მერია იძულებული გახდა, შიდა აუდიტორული მოკვლევა დაეწო, დასკვნა 2 თვის წინ დაიდო და რა დარღვევებზეც ვლაპარაკობდი, ყველაფერი დადასტურდა,“- ამბობს ისაშვილი.

რატომ არ ასწორებს გენგეგმას დუშეთის მერია

დუშეთის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ბოლო დასკვნაში, რომელიც მერს, 2 თვეზე მეტია, უკვე გადაგზავნილი აქვს,  წერია, რომ დუშეთის გენგეგმა უნდა გამოსწორდეს და მთავრობის N59 დადგენილებასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, დუშეთის მერიაში აცხადებენ, რომკვალიფიციური კადრები არ ჰყავთ იმისათვის, რომ გენგეგმა დააკორექტირონ.

სერგო ისაშვილის თქმით, წინა კვირას საკრებულოს სხდომა იყო, სადაც ითქვა, რომ დღეს მიღებულია სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურული სამშენებლო საქმიანობის ახალი კოდექსი, სადაც გაწერილია, რომ, თუ გენგეგმა ეწინააღმდეგება რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, 3 დეკემბრამდე ის უნდა მოვიდეს ამ აქტებთან შესაბამისობაში.

„დუშეთის მერიას ხარვეზის გამოსასწორებლად 2 თვეზე ცოტა მეტი აქვს დარჩენილი და როგორც მერიაში ამბობენ, ამის გამოსწორება ძალიან ძნელია, რადგან შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავთ, სხვისთვის დასაკვეთად კი თანხებიც არ  აქვთ,“ – ამბობს droa.ge-სთან ისაშვილი.

ცნობისათვის, საქმე ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 6 მაისს მიღებულ დადგენილება N13-ს – „ქალაქ დუშეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომლის საფუძველზეც ხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა დუშეთში.

გენგეგმა ეწინააღმდეგება როგორც დუშეთის განაშენიანებას, ისე საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის N59 დადგენილებას  და ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის  ბრძანებას დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“.

ისაშვილის თქმით, გენგეგმის მომზადება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 35 000 ლარი დაუჯდა და მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გენგეგმა არასწორადაა შედგენილი, არავინ ცდილობს, იგივე შემსრულებელს მოსთხოვოს გასწორება.

ამ საკანონმდებლო კოლიზიასთან დაკავშირებით საია-ს იურისტმა ჯერ თავად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, შემდეგ კი – მთავრობის ადმინისტრაციას, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ეკონომიკის სამინისტროს. მისი განცხადებების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციიდან ჯერ კიდევ 2018 წლის 13 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას დაავალა, რომ მთავრობის დადგენილება არის უპირატესი დოკუმენტი და უნდა მოხდეს ადგილობრივი სამართლებრივი აქტის შესაბამისობაში მოყვანა მთავრობის N59 დადგენილებასთან.

ამდენი საჩივრის და წერილის შემდეგ, 2019 წლის 5 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი მაია ნავაძე წერს მოხსენებით ბარათს, სადაც აღიარებულია, რომ გენგეგმაში უზუსტობებია. მაგალითად, მიწათსარგებლობის გენგეგმის რუკაზე არასწორადაა დატანილი როგორც ქუჩათა ქსელი, ასევე ხაზობრივი ნაგებობებისატრანსპორტო ზონად ნაჩვენებია ტერიტორიები, რომლებიც არ წარმოდგენს გზას, ქუჩას და ..

ასევე სამშენებლო ნებართვების გაცემისას ფუნქციური ზონების არევის მიზეზად დასახელებულია ის, რომ გენგეგმის რუკების ელექტრონული ვერსია არ აქვთ და ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ტერიტორიებზე ფაქტობრივად შეუძლებელია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა კონკრეტულ ფუნქციურ ზონასთან მიმართებით.

მაია ნავაძე წერს, რომ გენგეგმაში შესწორებებს მისი განყოფილება ვერ შეიტანს, რადგან არ გააჩნია საკმარისი საკადრო რესურსი, რომ ცვლილების პროექტი მოამზადოს.

გენგეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებას მხარი დაუჭირ საკრებულომაც, რის შემდეგაც წერილი გაუგზავნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას და ცვლილების შეტანა მოითხოვა, თუმცა, მერიიდან რეაგირება არ ჩანს.

გენგეგმაში ცვლილებების მომხრეა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი. მისი თქმით, 2016 წელს  თვითონ საკრებულოს წევრი იყო და გენგეგმა ისე დამტკიცდა, ისე აწია ხელი ყველამ, რომ „კაციშვილს არ წაუკითხავს“.

„ახლა საკრებულოც მიიჩნევს, რომ დოკუმენტი უნდა განახლდეს. აქვე  გეტყვით, ერთი მხარე იძახის, რომ დოკუმენტი კარგია, მეორე იძახის, რომ ცუდია. მე არ ვიცი, სიმართლე სად არის. გვინდა ამაში ისეთი ხალხის ჩართვა, ვინც კვალიფიციურ შენიშვნებს მოგვცემს და დაგვარიგებს… როგორც ჩანს, მერიის სამსახურს  არც სურვილი გააჩნია დიდად და არც რესურსი ჰყოფნის, რომ ეს საკითხი გადაიხედოს,“ – ამბობს ინაშვილი.

დუშეთის მერი, რომელსაც არ ახსენდება რას მოაწერა ხელი

გემგეგმის შეცვლაზე მთავრობიდან დავალებას ვერ იხსენებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და არ აქვს პასუხი, უნდა შეიცვალოს თუ არა ეს დოკუმენტი.

სეხნიაშვილი droa,ge-სთან ამბობს, რომ სამშენებლო ნებართვებსა თუ გენგეგმაზე მოკვლევა შიდა აუდიტმა აწარმოა, დასკვნაც არსებობს, თუმცა, „მას დასკვნა ჯერ არ წაუკითხავს“ და არ იცის, საჭიროა თუ არა თუნდაც გენგეგმის განახლება.

„შიდა აუდიტს შევამოწმებინე და დადო დასკვნა. ჯერ ეს საკითხები უნდა გავიაროთ და ვნახავთ მერე, რა უნდა შეიცვალოს… მთავრობიდან და საკრებულოდან გენგეგმის შეცვლაზე მოთხოვნა – ასეთი რამ არ მახსოვს“, – ამბობს სეხნიაშვილი.

უფრო მეტიც, დუშეთის მერს „არ ახსენდება“ აქვს თუ არა დარღვევები საჯარო მოხელე მაია ნავაძეს, ან დუშეთის არქიტექტურის სამსახურის უფროსს იოსებ ღარიბაშვილს და ეს მაშინ, როდესაც ორივე მოხელეს მისი ხელმოწერილი ბრძანებით აქვს საყვედური შეფარდებული.

მაგალითად, 3 ივლისს დუშეთის მერის ზურაბ სეხნიაშვილის ბრძანებით, უკვე მეორედ დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება მაია ნავაძის მიმართ და 29 ივლისს ნავაძეს შეეფარდა საყვედური იმ მიზეზით, რომ მის სამსახურს, სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილებას, დღემდე არ მოუმზადებია საია-ს იურისტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილი.

6 აგვისტოს კი, ისევ სეხნიაშვილის ბრძანებით, დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო არქიტექტურის სამსახურის უფროსის, იოსებ ღარიბაშვილის მიმართ და 4 სექტემბერს შეეფარდა საყვედური.

როგორც დუშეთის მერის ბრძანებაში წერია, მთავრობის ადმინისტრაციიდან და საია-ს იურისტის მიერ არაერთხელ გამოიგზავნა წერილი, რომ დუშეთის საკრებულოს მიერ 2016 წელს დამტკიცებული განაშენიანების გენგეგმა შეუსაბამოა მთავრობის 2014 წლის N59 დადგენილებასთან, რის გამოც ხდება მშენებლობის ნებართვების კანონდარღვევით გაცემა.

ბრძანებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლინდა რიგი სერიოზული ხასიათის დარღვევები, მათ შორის არქიტექტურის სამსახურში მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით და ყველა მოყვანილი ფაქტის შესწავლის შემდეგ გამოვლინდა იოსებ ღარიბაშვილის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა და შეეფარდა საყვედური.

Droa.ge-სთან საუბრისას დუშეთის მერი აცხადებს, რომ არც გენგეგმის ცვლილებაზე აქვს პოზიცია და არც ის ახსოვს, ნავაძეს და ღარიბაშვილის მიმართ რაიმე ზომები თუ გატარდა.

„ახლა არ მახსენდება. როცა გამახსენდება, გეტყვით,“- ამბობს სეხნიაშვილი და ტელეფონს თიშავს მოსახლეობასთან შეხვედრისა და მოუცლელობის მიზეზით.