არჩევნებზე დაკვირვების შეზღუდული უფლება

1112

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდი როგორც თვითმმართველი ქალაქი აღარ იარსებებს, ცალკე არც ზუგდიდის თემი იქნება, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთის ნაცვლად მაინც ორი საარჩევნო ოლქი შექმნა. ცესკო ამბობს, რომ კანონის მიხედვით იმოქმედა, არასამთავრობო ორგანიზაციები კი საუბრობენ იმაზე, რომ ეს მდგომარეობა საარჩევნო კომისიების მუშაობის მონიტორინგს შეუძლებელს ხდის, რადგან ფაქტობრივად უკვე არარსებულ თემსა და ქალაქში საოლქო ადმინასტრაცია დამკვირვებელ ორგანიზაციებს არ არეგისტრირებს.

ორმა ორგანიზაციამ, რომელმაც ცესკოს მიერ შექმნილ საარჩევნო ოლქებში დარეგისტრირება სცადა, საოლქო კომისიისგან უარი მიიღო. მსგავსი შემთხვევა მოხდა ოზურგეთსა და მცხეთაში. ორგანიზაციამ „ცენტრი მომავლის ინიციატივები”, რომელსაც ქალაქ მცხეთის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, მცხეთის საოლქო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ უარი უკანონოა, რადგან დამკვირვებელ ორგანიზაციას კომისიის სხდომებზე დასწრებისა და მისი გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება ეზღუდება.

„მაშინ როცა ადმინისტრაცია ქმნის საარჩევნო უბნებს, შესაძლოა, რომ უბნების საზღვრები გასაჩივრდეს და რეგისტრაციაზე უარით ხომ კომისიებზე დასწრების, მასში მონაწილეობის და კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება მეზღუდება“,- გვითხრა ლევან ალაფიშვილმა.

როგორ ირკვევა, დამკვირვებელი ვერც ქალაქ ზუგდიდის, ან თემის საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებას შეძლებს. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში უარის მიზეზად არჩევნების თარიღის არცოდნას ასახელებენ.

„ახლა არ არის წინასაარჩევნო პერიოდი და რასთან დაკავშირებით უნდა მოითხოვონ მონიტორინგის განხორციელება. ჯერ არავის არ მოუმართავს და რომც მოგვმართოს ვინმემ, პასუხიც ასე იქნება შესაბამისად“, – უპასუხა “ლაივპრესს” ზუგდიდის კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა.

საოლქო კომისიების ადმისნისტრაციების პოზიცია სწორია, – ამბობს ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი ანა მიქელაძე.

„ორგანიზაციამ უნდა მიმართოს შესაბამის კომისიას არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, გარდა ამისა, დამკვირვებელი ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ერთი წლისა. მისი წესდება უნდა ითვალისწინებდეს, არჩევნების მონიტორინგს და ადამიანის უფლებების დაცვას. თუ არ გვეცოდინება არჩევნების დღე, შესაბამისად, ამ ვადებსაც ვერ გადავითვლით“, – უთხრა „ლაივპრესს“ ანა მიქელაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი ფიქრობენ, რომ საოლქო კომისიის მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს.

ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, საარჩევნო კოდექსი არც იმას ამბობს, რომ რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დარეგისტრირება მხოლოდ არჩევნების თარიღის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება.

„საარჩევნო კოდექსი მხოლოდ ადგენს შეზღუდვებს მინიმალურ ზღვარზე. თუ არჩევნებამდე დარჩენილია 5 დღე და ისე მივმართე კომისიას, უარს მეტყვის, იმიტომ რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე უნდა მიმემართა. მაგალითად, თუ არჩევნები გაიმართება 22 ოქტომბერს, მე ხუთ ივლისს რომ მივმართო კომისიას და მოვითხოვო დარეგისტრირება, შეზღუდვა ამაზე საარჩევნო კოდექსში არ არის და თუ შეზღუდვა არ არის, შესაბამისად, არც აკრძალვა არ არის“.

იურისტების განმარტების საპასუხოდ, ცესკო აცხადებს, რომ მოსაზრების ქონის უფლება ყველას აქვს, თუმცა საარჩევნო ოლქებში არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ რეგისტრაციის დაწყება „ცესკოს პოზიციაა“.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე კანონის ამოქმედების შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოლქებში შესაბამის ცვლილებებს განახორციელებს.

„არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, მოხდება ოლქების საზღვრების დადგენა და შესაბამისად არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკომ ოლქების შექმნაზე განკარგულება მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოსცა, მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე პარლამენტის გადაწყვეტილება კი ძალაში არჩევნების დანიშვნის დღეს უნდა შევიდეს.

წყარო: ლაივპრესი