გორის სოფელ ქვეშში სამშენებლო კომანიამ 2 თვეა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიატოვა

808

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღს სახურავი ზაფხულში ახადეს. 2019 წლის ივლისიდან სამშენებლო კომპანია “ბოუერის” წარმომადგენლები ობიექტზე აღარ გამოჩენილან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარდება. ქვეშის საბავშვო ბაღში სწავლა ამ დრომდე შეფერხებულია. უფრო მეტიც, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის, ლიანა კოვზიაშვილის ცნობით, სააღმზრდელობო პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობს.

“ბოუერის” დირექტორი ხვიჩა მერგვალიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

“ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, აღნიშნული კომპანია დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა. ჩამორჩენილი იყო გეგმა-გრაფიკს. არც ერთხელ ახსნა-განმარტება ჩვენთვის არ წარმოუდგენია, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. შესაბამისად, თანხაც არ აგვინაზღაურებია” – აცხადებს ლექსო მარტინოვი, ბაღების სააგენტოს წარმომდგენელი. ლექსო მარტინოვი ამბობს, რომ კომპანიას არც ერთი თეთრი მიუღია.

ტენდერი 2019 წლის ივნისში გამოცხადდა. საწყისი ფასი 151 000 ლარი იყო. “ბოუერმა” 124 000 ლარი მიუთითა და გაიმარჯვა. დაიწყო დემონტაჟი და მუშაობა აღარ გაუგრძელებია, – განმარტავენ საბავშვო ბაღების სააგენტოში.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 3 თვეში, 11 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. საბავშვო ბაღების სააგენტოში სურთ, რომ რეაბილიტაციიის მიზნით და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რომელიმე გამოცდილ კომპანიასთან გააფორმონ ხელშეკრულება. ამისათვის 85-დღიან ვადას მისცემენ.