გახარია: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებს ეყრდნობა

823

სტატიის გაგრძელება

საქართველოს მთავრობა რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. როგორც სხდომის დაწყებისას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტი სოციალური პასუხისმგებლობითაა განმსჭვალული და ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული.

“ვასრულებთ მუშაობას ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტზე, რომლის საბოლოო განხილვა გვექნება დღეს, რის შემდეგაც ბიუჯეტს წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტის პროექტი ჩვენი მთელი გუნდის შრომის შედეგია. მასში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც ეყრდნობა ჩვენი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წელს. 2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით განმსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქის უფრო მეტი შესაძლებლობების, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე არის დაყრდნობილი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და პირველ რიგში ეს არიან ბავშვები, რა თქმა უნდა, ასევე არიან ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს. ასევე რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცავებსა და ჯარისკაცებზე. სწორედ ამიტომ ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ უნდა ატაროს. 2020 წლის ბიუჯეტი არის განმსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხმარდეს ხალხს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, ასევე, მთავრობის თითოეული წევრი და დეპუტატები.

“ეს არის პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით. ამ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, ასევე, მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი, ყველა დაინტერესებული პირი, ამასთნ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ეს ბიუჯეტი არის განმსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხმარდეს ხალხს. ეს არის ის სულისკვეთება, როემლსაც ეყრდნობა ეს ბიუჯეტი. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე”, – განაცხადა გახარიამ.