კასპის სოფელ ნიგოზას გაზიფიცირება დასრულდა

884

კასპის სოფელი ნიგოზა გაზიფიცირდა. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა სოფელ ნიგოზას 90 ოჯახს მიეცა. დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლში ბუნებრივ გაზს უკვე მოიხმარს 89 300-ზე მეტი ოჯახი.

აშენებული ქსელის სიგრძე 3 049 გრძივი მეტრია. გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა განახორციელა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“. აშენებული გაზსადენის ექსპლუატაციას განახორციელებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“.

საერთო ჯამში, 2009 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ააშენა 11 543 კმ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი, რითიც 305 389 პოტენციურ აბონენტს მისცა გაზიფიცირების საშუალება.

სოფელ ნიგოზაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და კასპის გამგებელმა მანუჩარ მერებაშვილმა.