2019 წელს რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, კრედიტის დაფინანსების ნაწილში 143.9 მლნ ლარით მცირდება

744

სტატიის გაგრძელება

წელს საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაში, კრედიტის დაფინანსების ნაწილის 143.9 მლნ ლარით შემცირება იგეგმება, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილის – 36.7 მლნ ლარით გაზრდა. ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებითი ბარათით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილების გათვალისწინებით 2019 წელს ამ მიმართულებით 707 მლნ ლარი დაიხარჯება, მათ შორის საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში 455 მლნ ლარი.

მთავრობის განმარტებით, მიმდინარე წლის პროექტების შესრულების პროგნოზს, მათი განსაკუთრებული მასშტაბურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, კორექტირება სჭირდება და დაფინანსება ნაწილობრივ გადაინაცვლებს მომდევნო წლებში.

“აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის ოთხივე კომპონენტზე მიმდინარე წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 315.9 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი რიგი სირთულეებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ათვისებული იქნება ჯამში 130.0 მლნ ლარამდე,”- წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის მიხედვით მცირდება:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) კრედიტის ნაწილში მცირდება 56.0 მლნ ლარით, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირედი ზრდის გათვალისწინებით ჯამურად მცირდება 54.6 მლნ ლარით და მიმდინარე წელს ასათვისებელი რესურსი განისაზღვრება 25,5 მლნ ლარით, აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხება ძირითადად გამოწვეულია განსახლების პროცესში წარმოქმნილი
სირთულეებით;

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა ძირულას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB), კრედიტის ნაწილში მცირდება 80.8 მლნ ლარით, ხოლო მასთან დაკავშირებული თანადაფინანსების შემცირების გათვალისწინებით ჯამურად მცირდება 93.6 მლნ ლარით. აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წელს მიიმართება ჯამურად 26.4 მლნ ლარი. აღნიშნულ კომპონენტში შეფერხება გამოიწვია საზედამხედველო კომპანიის შერჩევის გაჭიანურებამ;

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA) მცირდება 38.6 მლნ ლარით (სრულად კრედიტის ნაწილში) და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 21,4 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით განხორციელდა დონორის ცვლილება, რამაც გამოიწვია პროექტის ამ მონაკვეთზე სამუშაოების დაწყება და პროექტის განხორციელება მოხდება აზიის განვითარების ბანკის ADB ფინანსური რესურსით ნაცვლად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA
დაფინანსებით;

გზების მიმართულებით ასევე მცირდება დონორული დაფინანსება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) კრედიტების ნაწილში, 22.7 მლნ ლარითდა ჯამურად მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 58.5 მლნ ლარი მიიმართება. შეფერხება გამოწვეულია კონტრაქტორი კომპანიის მიერ.

ცვლილება არ ეხება:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (EIB, WB). აღნიშნული მონაკვეთის დაფინანსებისათვის კანონით განსაზღვრულია 55.6 მლნ ლარი და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.