ქუთაისის მერია „ტორპედოსთვის“ ახალ ინვესტორს ეძებს

535

წინა სტატია

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, „ტორპედოსთვის“ ახალი ინვესტორის მოძიებაზე მუშაობა დაწყებულია.  პარალელურად, მერიამ ყოფილი ინვესტორის წინააღმდეგ  საქმე სასამართლოში შეიტანა.

„ტორპედოსთან“ დაკავშირებით ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ერთი ეს არის სასამართლო,  პარალელურად კი ვმუშაობთ ახალი ინვესტორის მოძიებაზე. ფეხბურთელებს  ერთი თვის ხელფასი უკვე ჩაერიცხათ. ფედერაციასთან ერთად  მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „ტორპედო“ იყოს ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

„ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია.  სახელფასო დავალიანების გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს.  „ფანკლუბის“ წევრები აცხადებენ, რომ ფეხბურთელებს საკვებიც არ აქვთ.

კლუბის გულშემატკივრები, ფინანსების მოსაძიებლად,  ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ მოეხდინა, მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა. მათ ბრალდებაზე ქუთაისის მერი პასუხობდა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს თავისი სახსრებით “ტორპედოს“ პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.