“ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე საკრებულოს დეპუტატია” – დავა მიწის ნაკვეთის გამო

915

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო საჩივარი, რომელიც სამეზობლო დავაა და მიწის ნაკვეთს ეხება. მომჩივანი მხარე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის დაკანონებაც მის ოჯახს უნდოდა და პროცესიც დაწყებული იყო, ახალციხის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრმა უკანონოდ მიისაკუთრა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სადაო მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისების საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი ადვოკატმა ეკა აბაშიძემ შეიტანა. იგი იმ ადგილობრივის ინტერესებს იცავს, რომელიც ამბობს, რომ მანველიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს მისი ოჯახი წლების განმავლობაში ეპატრონებოდა და დაკანონებისთვის საქმეც დაწყებული იყო, თუმცა მოულოდნელად მიწა ახალციხის საკრებულოს დეპუტატის სიმამრმა დაისაკუთრა.

„ეს მიწის ნაკვეთი რომ ჩვენი იყო, მთელმა სამეზობლომ იცოდა. ჯერ კიდევ 2015 წელს მივედით მერიაში, დისკი და საბუთები მივიტანეთ, რომ მიწა დაგვერეგისტრირებინა, მაგრამ ეს საბუთები არ მიიღეს. გვითხრეს, მაგ მიწის ქვეშ წყლის კოლექტორი გადის, დაელოდეთ, კანონი შეიცვლება და მერე შეძლებთ დარეგისტრირებასო. ჩემი შეჩერებით სხვამ ისარგებლა, რომლის სიძეც ახალციხის საკრებულოში დეპუტატია. სიძის დახმარებით მან მიწა დაირეგისტრირა და მშენებლობაც დაიწყო“, – გვიყვება მომჩივანი მხარე, რომელსაც ვინაობის გასაჯაროება არ სურს.

დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს და მისმა სიმამრმა მიწა კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირა: „ჩემს სიმამრს მაგ მიწის გვერდზე 2007 წლამდე დარეგისტრირებული ჰქონდა მიწა, 2011 წელს გამოვიდა კანონი, რომ თუ შენი მიწის გვერდზე თავისუფალი ადგილია, მისი დაკანონება შეიძლება. ეს ადამიანიც ადგა და დაირეგისტრირა, ყველა საბუთი შეაგროვა და მიიტანა მერიაში. აგერ სასამართლოც იქნება და გამოჩნდება ვინაა მართალი. მაგ კაცმა, ვინც ჩივის ახლობლები მიუგზავნა ჩემს სიმამრს და სთხოვდა 5 000 დოლარს, ეგენი არ გითხრათ ხომ ?!“, – ამბობს ბაბოიანი.

თავად ბაბოიანის სიმამრი „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს, პირად საუბრებში კი ამტკიცებს, რომ მან მიწა კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირა და მისი სიძე არაფერ შუაშია. რაც შეეხება წყლის კოლექტორს, მისი თქმით, ამ ადგილზე მან ბეტონი დაასხა და წყლის შემკრებს საფრთხე არ ემუქრება.

მომჩივანის ადვოკატი, ეკა აბაშიძე მიიჩნევს, რომ მიწის რეგისტრაციისას შეცდომა ახალციხის მერიის მიწის აღიარების კომისიამ დაუშვა: „წესის მიხედვით, იქ სადაც წყლის კოლექტორები გადის, მიწის ნაკვეთებს არ უსაკუთრებენ არავის და რატომღაც ამ კაცს, რომლის სიძეც საკრებულოშია, ეგ ადგილიც მისცეს, მითუმეტეს, რომ ფართს სხვა იყენებდა“, – ამბობს ადვოკატი.

საქმესთან დაკავშირებით, ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს: „სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილებას გაცნობებთ“, – განუმარტეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მერიაში.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში განხილვები ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ორგანომ საჩივარი უკვე მიიღო.