ოქტომბრის ბოლოდან ტაქსის მანათობელ ნიშნებს წარწერა: „ტაქსი თბილისი“ ექნება

737

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის რეფორმაზე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, კიდევ ერთხელ საუბრობს. ამასთან, მისი თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ასევე, ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაც ამოქმედდება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კალაძემ ისევ განმარტა, რომ ტაქსის რეფორმის ფარგლებში კატეგორიები შემოდის, ხოლო რეფორმის შემდეგ ეტაპებზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

„1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმა, რომელიც რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. შემოდის კატეგორიები. ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“. მანათობლები უკვე მზადდება და უახლოეს მომავალში თბილისში იქნება. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. როგორც იცით, ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე დამატებით დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას ახლო მომავალში მივაწვდით,”-აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას, რომელიც ასევე 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება, კახა კალაძემ აღნიშნა: „1-ელი ოქტომბრიდან კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – ზონალური პარკირება. პირველი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ კოტე აფხაზის ქუჩაზე, ლესელიძის ქუჩაზე და საკმაოდ წარმატებული იყო. 1-ელი ოქტომბრიდან უკვე ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩებზეც გავრცელდება ზონალური პარკირების სისტემა. ადგილობრივ მოსახლეობას ვებ-გვერდის ან საინფორმაციო ჯიხურის საშუალებით შეუძლიათ ავტომობილი დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ. ასევე უფასო პარკირება ვრცელდება შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება სხვა პირებს, პირველი 15 წუთი უფასო იქნება, ხოლო შემდეგ ყოველი 1 საათის საფასური 1 ლარი იქნება,“ – განაცხადა კალაძემ.