ირაკლი ლექვინაძე – ჩვენი სურვილია რკინიგზა თბილისის გარეთ გადავიტანოთ, რადგან დედაქალაქში განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა იყოს

150

ჩვენი სურვილია რკინიგზა გატანილი იქნას თბილისის გარეთ, რადგან თბილისში განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი მტკიცებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით მუშაობა შეჩერებული არ არის.

”მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარებდა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ის ძველი ვარიანტი, რომელზეც აპელირებს ჩვენი ოპონენტი პარტია, აბსოლუტურად არაეფექტური და არამომგებიანი იყო. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ტექნიკური, ეკონომიკური კვლევა, რამდენიმე სცენართან დაკავშირებით. ამ პროცესს ახორციელებს ”საქართველოს რკინიგზა” და როდესაც მას ექნება ამ კვლევის შედეგები, ბუნებრივია გაასაჯაროებს. თბილისის მერიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. ჩვენი სურვილია რკინიგზა გატანილი იქნას თბილისს გარეთ, რადგან თბილისში იყოს შესაძლებლობა უფრო მეტი განვითარებისთვის – იქნება ეს სარეკრეაციო სივრცე, ახალი სატრანსპორტო კორიდორი, თუ ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აჩვენებს არსებული სცენარებიდან, რომელი იქნება ყველაზე უფრო მეტად მიზანშეწონილი. დამერწმუნეთ, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც დღემდე მიღებული შედეგის ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას, რომ ოპონენტების თქმით, წინა პროექტის შეჩერება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა, რომ ოპონენტები ამ შემთხვევაში იტყუებიან.
”ავსტრიული კომპანიის კვლევამაც აჩვენა, რომ ძველ პროექტს ჰქონდა ხარვეზები როგორც ტექნიკურ ნაწილში, გარდა ამისა, ფინანსურად ის იყო საკმაოდ არა მომგებიანი”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი