უფლისციხეში ახალ ხიდს კომპანია ,,Construction Service” ააშენებს

795

ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხესთან ახალ ხიდს კომპანია ,,Construction Service” ააშენებს. ამის თაობაზე ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, მოსამზადებელი სამუშაოები წელსვე დაიწყება, ხოლო ხიდი სახელმწიფოს 2023 წელს ჩაბარდება.

ახალი ხიდის აშენებამდე ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები კვლავ ძველი ხიდით ისარგებლებენ. ახალი ხიდი აშენდება დღეს არსებული გადასასვლელის გვერდით.

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები – ასეთი

იქნება ახალი ხიდის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარს შეადგეს.

დღეს არსებული ხიდი 1980-იან წლებში აშენდა. ამჟამად, მისი მდგომარეობა საგანგაშოა, როგორც ამას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა.

1986 წელს მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან.

ხიდის თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა. ამის შემდეგ აშენდა ახალი ხიდი, რომელიც, ბეტონის საყრდენების გარდა, ვინტებით (რკინის მსხვილი მავთულები) გაამაგრეს.