პარტია “თავისუფალი საქართველო” თვითმმართველობის კოდექსის გადახედვას მოითხოვს

95

პარტია “თავისუფალი საქართველო” თვითმმართველობის კოდექსის გადახედვას მოითხოვს. პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს. წულაიამ 21 სექტემბერს ქუთაისში ყოფილი ციხის შენობასთან ბრიფინგი გამართა და მილიონობით ლარის ქონების განადგურება კიდევ ერთხელ გააპროტესტა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ყოველ კვირაში მიტოვებულ შენობებთან მივალთ და მილიონობით  ლარის ქონების განადგურებას გავაპროტესტებთ. ამჯერად, ყოფილი ციხის შენობასთან მოვედით, რომელიც წლებია უფუნქციოდაა და ნადგურდება. ქონება იუსტიციის სამინისტროს ბალანსზეა და მინდა, თეა წულუკიანს ვუთხრა, ეს შენობა რომ დაგვიტოვეთ ძეგლად, არა მგონია, ქუთაისის მოსახლეობის  დიდ ნაწილს ნათელი მოგონებები აკავშირებდეს ციხესთან.  ვთვლი, რომ ეს არის უყურადღებობა. მოვუწოდებ იუსტიციის სამინისტროს ან გაყიდოს, ან დაანგრიოს. შენობა დაზიანებულია და  საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში, გადასახედია თვითმმართველობის კანონი.  მის ტერიტორიაზე არსებული შენობები უნდა ეკუთვნოდეს თვითმმართველობას და თავად უნდა განკარგავდეს.  ეს შენობები ნამდვილად არ ემახსოვრებათ იუსტიციის სამინისტორში,  ჩვენი ქალაქისთვის კი პრობლემაა”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, ქონების გასხვისების კუთხითაც არსებობს პრობლემა, რადგან არასტაბილურ ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოდის, ამავდროულად განმარტავს, რომ  ქონების გაყიდვას ორმაგი ფასით და კორუფციული გარიგებებით ცდილობენ, რაც აფერხებს ინვესტიციას.