რიჟვაძე: 2 წელში აჭარის ყველა სოფელი განახლებული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემითა და გზით ისარგებლებს

632

აჭარაში ორი წლის პერიოდში ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი და დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემისა და გზის გარეშე, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, არის ხალხის სამსახური. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში შეხვედრები მოსახლეობასთან იყოს რეგულარული.ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. პრაქტიკულად, აჭარაში ორი წლის პერიოდში ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი, დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემისა და გზის გარეშე.

ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს, უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო, თითოეული საჯარო მოხელე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ და გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.

აჭარის მთავრობის ცნობით, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა – ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და საბავშვო ბაღების მშენებლობა. მიმდინარე წელს ხულოში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.