მარტვილის სოფელ ნახუნაოში უძველესი კოლხური ვაზის აღდგენა დაიწყეს

160

მარტვილის სოფელ ნახუნაოში ადგილობრივმა ზაზა ხარებავამ კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი გააშენა. ნაკვეთი 37 ჯიშის ვაზს აერთიანებს და იგი როგორც თეთრყურძნიან, ასევე, შავყურძნიან ჯიშებს მოიცავს, გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი ძველი ჯიშების აღდგენა-გამრავლებას, როგორიცაა: ჩექობალი, კოლოში, პუმპულა, ეგუძგული, მაჭყვადინა, პანეში, ჩეხარდანი, ტოროკუჩხი, შავი კამური, ოჯალეში და სხვა.

“ნერგების უმეტესობა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან წამოვიღე, სადაც ძველი კოლხური ვაზის ჯიშებია დაცული. ამ ჯიშების მოძიებას და შენარჩუნებას ცნობილმა მეცნიერმა გივი ელიავამ მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა. ჩვენი კოლხური ჯიშის ყურძენი ხომ საუკეთესოა. სანერგეში რამდენიმე ისეთი იშვიათი ჯიშის ყურძენია, რომელიც შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებს. მინდა, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, ჩემი სანერგე მეურნეობიდან უძველესი ჯიშები სამეგრელოში ისევ გავრცელდეს. ეს ხომ ღირსების და მომავლის საქმეა“, – განუცხადა გამოცემა “ლაივპრესს” ზაზა ხარებავამ.

გარდა საკოლექციო ნაკვეთისა, ფერმერს საკუთარი სანერგე მეურნეობაც აქვს და მის გაფართოებას და პროექტ დანერგე მომავლის ფარგლებში გეგმავს.

მისი თქმით, საკოლექციო ნაკვეთზე აფხაზური ჯიშის ვაზის გაშენებაც სურს.

“კაჭიჭი აფხაზური იშვიათი ჯიშის ყურძენია. რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილიდან ჩამოვიტანეთ, თუმცა ვერ გაიხარა. აფხაზეთში, კერძოდ ლესელიძეში სამეგრელოდან 5 ათასი ნერგი ოჯალეში წაიღეს და გაახარეს. ვგეგმავ, რომ მათგან წამოვიღო ნამდვილი კაჭიჭის და ასევე, სხვა აფხაზური ჯიშის ნერგები“, – ამბობს გამოცემა “ლაივპრესთან” ზაზა ხარებავა.

სანერგე მეურნეობა, რომელიც ამჟამად, 3 000 მეტრზეა გაშენებული, ფერმერმა საკუთარი სახსრებით მოწყო, თუმცა მომავალში გეგმავს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სანერგე ნახევარ ჰექტარზე გააშენოს.

ფოტო: მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი.