თბილისის მერიამ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მემორანდუმი გააფორმეს

69

თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაამუშავებს ტრადიციულად გამოქვეყნებულ სტატისტიკას და დამატებით მონაცემებს, რომელიც მოიცავს: თბილისში საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების კლასიფიკაციას ვიზიტის ტიპების მიხედვით, მათ დანახარჯებს, დემოგრაფიას ქვეყნების მიხედვით, ვიზიტების მიზნობრიობას, განმეორებითი ვიზიტების რაოდენობას ქვეყნების მიხედვით, ძირითად აქტივობებსა და თბილისის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წყაროებს. ამასთანავე, დედაქალაქის მასშტაბით, ტოპ 50 ინვესტორი განისაზღვრება.

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, მემორანდუმი ეკონომიკურ დაგეგმვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

“ქალაქის ეკონომიკური დაგეგმვისას, მისი ანალიზისა და შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. მემორანდუმის თანახმად, თბილისის მასშტაბით დაითვლება სხვადასხვა მონაცემი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია იქნება საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გამოყენება“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერია “საქსტატს“ უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი ინფორმაციით. თავის მხრივ კი, „საქსტატი“ პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას თბილისის მერიას სხვადასხვა მიმართულებით.

“გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ შექმნიან თემატურ სამუშაო ჯგუფებს, ასევე, სხვადასხვა პერიოდულობით ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირებულობას და მათ უზრუნველყოფას მათთვის საჭირო, სანდო და ობიექტური ინფორმაციით“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე, დღესვე, წარადგინეს ინფორმაცია თბილისის დამატებითი სტატისტიკის შესახებ, რომელიც მოიცავდა ტურიზმის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პროფესიული განათლების და შრომის ბაზრის მონაცემებს.