ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზას რეკონსტრუქცია უტარდება

861

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთის გზების განვითარების პროექტის ფარგლებში, ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ახორციელებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 61,5 კმ-ია, საორიენტაციო ღირებულება კი 324 მილიონ ლარამდეა. პროექტი 2018 წელს დაიწყო და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება.

ამ დროისთვის, სამუშაოები ჯამში 42.2 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, ხოლო ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის კმ17-კმ33 მონაკვეთზე – გვირაბის მისასვლელი გზის პირველ ლოტზე და ამავე გზის კმ17-კმ33 მონაკვეთზე – გვირაბის შემოვლით მე-2 ლოტზე ტენდერი დღეს გამოცხადდება, ასევე რამდენიმე დღში გამოცხადდება ტენდერი ზეკარის უღელტეხილის გვირაბის მშენებლობაზე.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული “ეს გზა მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე, გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და ეკონომიკურ აქტივობას. ამ გზით სატრანზიტო მოძრაობა შეზღუდული იქნება.

ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო დღეს საშუალოდ 4 საათია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს დრო 1.5 სთ-ით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეკონსტრუქციის პარალელურად, შემუშავდა აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომელმაც გაითვალისწინა მსოფლიოში წარმატებული კურორტების გამოცდილება, რის საფუძველზეც განისაზღვრა შემოვლითი გზის საჭიროება.

აბასთუმნის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტმა სკოპინგის ეტაპი წარმატებით გაიარა. ამ დროისთვის, საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მუშავდება. ახალი შემოვლითი გზის მშენებლობაზე ტენდერი საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე გამოცხადდება.

პროექტის მიზანია დააკავშიროს ტურისტულად მნიშვნელოვანი რეგიონები, მოიზიდოს მეტი ტურისტული ნაკადი და გზამ 7 თვის ნაცვლად იფუნქციონიროს მთელი წლის განმავლობაში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ აბასთუმანი გახდეს მსოფლიოში გამორჩეული ბალნეო-კლიმატური კურორტი და მსგავსად მსოფლიოში წარმატებული პრაქტიკისა, რეგიონში გახდეს ექსკლუზიური ეკოლოგიური კურორტი.

პროექტი, როგორც მშენებლობის, ასევე, კურორტის ფუნქციონირების პერიოდიდანვე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

აბასთუმნის ახალი შემოვლითი გზის პროექტირებისას დამუშავდა 6 ალტერნატიული მიმართულება. შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეირჩა 3 ვარიანტი, საიდანაც უპირატესობა მიენიჭა მარშრუტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტექნიკურ-ეკონომიკურ, გარემოს დაცვით და სოციალურ მოთხოვნებს. გარემოზე მინიმალური ზეგავლენის პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე გათვალისწინებულია საკომპენსაციო ღონისძიებები, დაცული ტერტორიებისათვის დამატებითი ტერიტორიის გადაცემის ჩათვლით.

ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით, ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები. ახალი გზით მიღებული სარგებელი მნიშვნელოვანია როგორც ამ რეგიონებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. დაბა აბასთუმანში განიტვირთება სატრანსპორტო მოძრაობა და ქვეყანას ექნება უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა და მიმზიდველი კურორტი”, – ნათქვამია საავტომბილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.