ზუგდიდის სოფელ ოქტომბერის მოსახლეობას დასახლებისთვის საბჭოთა სახელწოდების შეცვლა არ სურს

1152

ზუგდიდის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობის უმეტესობა საბჭოთა სახელის გადარქმევის წინააღმდეგია. სოფლის მცხოვრებლებმა ამის შესახებ საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“შევხვდით მოსახლეობას ვესაუბრეთ, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ არ სურთ სოფელს სახელი გადაერქვას. მათი არგუმენტით, ოქტომბერი შემოდგომის ერთ-ერთი ლამაზი თვეა და მოსავლის დაბინავებას, ხვავს, ბარაქას უკავშირდება და არა ოქტომბრის რევოლუციას. სანამ მოსახლეობის აზრი არ შეიცვლება, კომისია ამ საკითხს აღარ მიუბრუნდება“, – განაცხადა საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ.

სოფლისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით, საკრებულოს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა ამბობს, რომ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაგრძელდება, რათა სოფლისთვის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მინიჭებული სახელი გადაერქვას.

“მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება სოფლისთვის სახელის შეცვლას, თუმცა ჩვენ ვეცდებით კიდევ გავმართოთ კონსულტაციები და შეირჩეს ალტერნატიული სახელი, რათა ამ სოფელსაც შეეცვალოს საბჭოთა ტოპონიმი, როგორც ამას “თავისუფლების ქარტია” მოითხოვს“, – ამბობს არჩილ თოდუა.

სოფლის ისტორიული სახელწოდება “ცაიშიშ კახათი”.

“საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს” ინიციატივით, ზუგდიდში საბჭოთა სახელწოდებები შეეცვალა კრასნოდარის, ოსტროვსკის, ვასილ კიკვიძის ქუჩებს. კრასნოდარი გახდა ლევან გოთუას ქუჩა, ოსტროვსკი – ალექსი შუშანიას ქუჩა, კიკვიძე – მშვიდობის ქუჩა, სოფელი კიროვს კი ეწოდა ახალი დარჩელი.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული კანონი “თავისუფლების ქარტია” ერთ-ერთ მიზნად სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს. საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ” კი თვითმმართველ ერთეულებს ავალდებულებს შეცვალონ გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა რეჟიმთან დაკავშირებული სახელები.