სამთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია, სავარაუდოდ, სხდომებზე დაბრუნდება

60

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია სამთვიან ბოიკოტს, სავარაუდოდ, შეწყვეტს და სხდომებზე დაბრუნდება. ამის შესახებ ქუთრაისიპოსტი წერს. 

ოპოზიციონერი დეპუტატები ამის  საჭიროებას მას შემდეგ მიხვდნენ, რაც პროტესტის მთავარი მიზეზი, ყოფილი შსს მინისტრი, გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადაყენების ნაცვლად პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ბოიკოტის პირობებში სხდომებზე საკითხები ავტომატურად წყდება და უმრავლესობის დეპუტატებს შეკითხვებიც არ უჩნდებათ.  განსხვავებული აზრის გარეშე კი,  პროცესი სრულფასოვანი ვერ იქნება.

„რასაც ვუყურებ, სხდომები  ძალიან მოსაწყენია. შეკითხვებიც არ ისმება დეპუტატების მხრიდან. ოპოზიციას ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევა და გააქტიურება შეუძლია“, – ამბობს მერაბ მეშველიანი.

დაბრუნდებიან თუ არა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები სხდომებზე,“  პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია გადაწყვეტილების გახმოვანებას 20 სექტემბერს დაგეგმილი აქციის შემდეგ გეგმავს.

სხდომებს, სავარაუდოდ,  დაუბრუნდება „ნაციონალური მოძრაობაც“. ფრაქციის თავმჯდომარე, გიგა შუშანია უკვე დაესწრო ჯანდაცვის  კომისიის სხდომას.

ქუთაისის საკრებულოს ხუთმა  დეპუტატმა საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ გამოუცხადა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ მმართველ გუნდთან ერთად  მანამდე არ იმუშავებდნენ, ვიდრე ყოფილი შსს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგებოდა.