ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე: არ არის სწორი, ამბროლაურში 1 სულ მოსახლეზე 2000 ლარი იხარჯებოდეს, ონში კი – 700

851

ამბროლაურის თემის საკრებულომ მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ამბროლაურის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება პირველმა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ამბობს, რომ გადაწყვეტილება გაერთიანების სასარგებლოდ იმიტომ მიიღო, რომ ეს სახელმწიფოს ხარჯებს დაზოგავს, თუმცა, ის ვერ აკონკრეტებს, რა ოდენობის თანხის ეკონომია მოხდება ამბროლაურის თემის გაუქმებითა და მისი ქალაქთან გაერთიანებით.

droa.ge ერასტი მეტრეველს ესაუბრა:

– დღეს თემის საკრებულოს სხდომა გაიმართა. რა გადაწყვიტა საკრებულომ?

– განხვიხილეთ სამინისტროს წერილი და საკრებულომ გაერთიანების გადაწყვეეტილება მიიღო.

წინააღმდეგი თუ იყო ვინმე, თუ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეთ?

– ერთადერთი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თქვა, რომ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პოლიტიკური შეხედულების გამო წინააღმდეგი ვარო. თუ ეთანხმება, წინააღმდეგი როგორღაა, მაგრამ როგორც თქვა, ოქმში ისე ავსახეთ.

თუ ჩატარდა მოსახლეობასთან კონსულტაციები, რასაც თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს?

– რა თქმა უნდა. ჩვენ გვქონდა ძალიან გაფართოებული შეხვედრა მოსახლეობასთან. დაახლოებით სამას ორმოცდაათ კაცზე მეტი ესწრებოდა პირველ შეხვედრას. შემდეგ შეხვედრები ჩატარდა ყველა სოფელში და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს გაერთიანებას.

როდის ჩატარდა მოსახლეობასთან კონსულტაციები?

– რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

რა არგუმენტი გაქვთ, რის გამოც ქალაქთან გაერთიანება გადაწყვიტეთ?

– ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობთ. ის, რომ ქალაქ ამბროლაურში ერთ სულ მოსახლეზე იხარჯება დაახლოებით 2000 ლარი, მაშინ, როცა გვერდზე ონის მუნიციპალიტეტში 700 ლარი იხარჯება. ონმა რა დააშავა?

ამ არგუმენტის გამო ქალაქი ამბროლაური თვითმმართველი აღარ უნდა იყოს? თუ ესაა მიზეზი, ხომ არ ჯობდა, ამ შემთხვევაში ონისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე გვემსჯელა და არა ამბროლაურისთვის სტატუსის გაუქმებაზე?

– აქვს კი სახელმწიფოს ამის საშუალება, რომ ონსაც, ლენტეხსაც, ცაგერსაც და იმ 73 მუნიციპალიტეტს გაუთანაბროს ეს სტატუსი?

თუ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ სამი ათას სოფელში სოფლის რწმუნებულის ნაცვლად 15 კაციანი საბჭოები შექმნას და ამაზე რესურსი დახარჯოს, თვითმმართველი ქალაქებისთვის რესურსის გამონახვა რთულია?

– არა, გაერთიანების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს.

რა თანხას უზოგავს თემს ქალაქის და თემის გაერთიანება, თუ გაქვთ დაანგარიშებული?

– ელემენტარულს გეტყვით. მაგალითად, არის ა(ა)იპ-ები, რომელიც ქალაქსაც აქვს და სოფელსაც, მაგალითად, კულტურის ა(ა)იპ ორივეს აქვს და ორივეს ადმინისტრაციული ხარჯი რა საჭიროა? კოლექტივი, რომელიც 7-9 ათას ადამიანს ემსახურება, დანარჩენ 2 ათას ადამიანს ვერ მოემსახურება?

– თუმცა, დამეთანხმეთ, რომ ყველა ა(ა)იპ-ის გაერთიანება ვერ მოხერხდება. როგორ ფიქრობთ, გაერთიანების შემდეგ როგორი იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი? იგივე დარჩება, რაც ცალ-ცალე მუნიციპალიტეტებს გქონდათ დღემდე?

– კონკრეტული ციფრები ჯერ არ ვიცით როგორ იქნება.

– 2014 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ქალაქს საკუთარი თანხები ჰქონდა, სოფელს – საკუთარი. ანალოგიურად ცალ-ცალკე ფინანსდებოდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თქვენი და ქალაქ ამბროლაურის ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორ ფიქრობთ, გაერთიანების შემდეგ არ შემცირდება პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები, ისევე, როგორც გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელიც ამბროლაურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია?

– გათანაბრებითი ტრანსფერი, სავარაუდოდ, შემცირდება. რაც შეეხება რეგფონდს, თუ დარჩება იგივე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.

თუმცა, როგორც ვხვდები, ამის მოლოდინი არ გაქვთ.

– შესაძლებელია. თუმცა, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, რომ ადმინისტრაციიდან გამოთავისუფლებული ადამიანები კერძო ბიზნესში დასაქმდნენ. იმედია, უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს პროცესი და მგონია, 2-3 წელიწადში ეს გადაწყვეტილება ხალხის დასაქმების კუთხით ეფექტური აღმოჩნდება.

რამდენი ადამიანი დარჩება გაერთიანების შედეგად უმუშევარი?

– ვერ გეტყვით.

გამგეობაში რამდენი თანამშრომელი იყო დასაქმებული?

– გამგეობაში დაახლოებით 170 ადამიანი იყო დასაქმებული, ა(ა)იპ-ებით ცოტა მეტი და მერიაშიც თითქმის ამდენი.

შესაბამისად, ამ ადამიანებს უმუშევრობა ემუქრებათ…

– არ ვიცი, რამდენად ემუქრებათ მათ უმუშევრობა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესებმა ძალიან უმტკივნეულოდ გადაიაროს და პირიქით, შედეგები 2-3 წელში უფრო კარგი იქნება, თუ ეს ხალხი კერძო ბიზნესში დასაქმდება და არ იქნება საჯარო სამსახურზე დამოკიდებული.

თქვენ ამ დრომდე თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხართ. როგორ შეაფასებდით თემის საქმიანობას, რამდენად შეძლო განეხორციელებინა ის უფლებამოსილებები, რაც მას კოდექსით ეკისრება. რამდენად იყო მოსახლეობა თქვენი საქმიანობით კმაყოფილი?

– არსებობს შეფასების დოკუმენტები და ანგარიშები. მაგალითად, საკრებულომ გასული წლის გამგეობის მუშაობა დადებითად შეაფასა.

თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მოქალაქეთა მონაწილეობაა ადგილობრივ თვითმმართველობაში. გაერთიანებით ეს პრობლემა არ შეიქმნება?

– არ მგონია, პირიქით, ჩვენ ამ 3 წელიწადში არასდროს გაგვიწყვეტია ხალხთან ურთიერთობა და მუდმივად ვხვდებით მოსახლეობას.

– გაერთიანების შემდეგ შესაძლოა, იგივე პრაქტიკა აღდგეს, რაც სხვა მუნიციპალიტეტებშია – ბიუჯეტის დიდი ნაწილი ქალაქზე დაიხარჯოს და სოფლები კვლავ უყურადღებოდ დარჩეს. ამ პრობლემად ვერ ხედავთ?

– არა მგონია, ასე მოხდეს. იმედია, პროპორციულად გადანაწილდება ბიუჯეტი და პრობლემების მიხედვით მოხდება პრიორიტეტების შერჩევა.