ახალციხის მერია ვალეში 4 წლის წინ დაზიანებულ სარწყავ არხს აღადგენს

90

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადვოკატირების შედეგად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ვალეში 4 წლის წინ დაზიანებული სარწყავი არხის აღსადგენად პროექტის მომზადება დაიწყო, უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები კი – 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება, – ასეთი შინაარსის წერილი არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალციხის მერიიდან დღეს მიიღო.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებე, არხის აღდგენის ადვოკატირების თხოვნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალციხის ოფისს ვალეში მცხოვრებმა 20-მა ოჯახმა აგვისტოში მიმართა. საველე სამუშაოებისა და მოქალაქეებთან გასაუბრების შემდეგ კი ორგანიზაციამ მერიას შესაბამისი წერილით 26 აგვისტოს მიმართა.

“ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს როგორც საპროექტო წინადადების მომზადების, ასევე, სამუშაოების განხორციელების პროცესს, რომლის შედეგადაც 6 ჰექტრამდე ფართობის მორწყვა გახდება შესაძლებელი, ათეულობით ოჯახს კი ბოლო წლების მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდება”, – განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.