ზესტაფონში 9 საბავშო ბაღში რემონტია, სწავლა 23 სექტემბერს დაიწყება

577

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების უმრავლესობა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.

ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები შორაპნის N 40 და N 41 ბოსლევის N 28; ქალაქის N 1; ილემის N 23; ქალაქის N8; კლდეეთის N 20; დილიკაურის N 31 და ქალაქის N 4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარეობს.

სატენდერო ვალდებულებით, ბაღების კეთილმოწყობაზე შპს „როიალ ბილდინგ ჯორჯია მუშაობს“ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. დილიკაურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 69 680 ლარით, ხოლო ქალაქის N 4 ბაღის კეთილმოწყობა 59 245 ლარით არის დაფინანსებული.

ახალი სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 23 სექტემბერს განახლდება. სარემონტო სამუშაოების გამო, სასწავლო წელი რამდენიმე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.