ქობულეთში ბაღებსა და სკოლებს მიღმა დარჩენილი ბავშვები მშობლებმა მერიაში მიიყვანეს

750

ქობულეთში, ბავშვები რომლებიც საბავშო ბაღსა და სკოლის მიღმა დარჩნენ, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. მათი განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ. ბავშვები არც მოსამზადებელ ჯგუფში დაუშვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

შეკრებილებს ქობულეთის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების უფროსი შეხვდნენ და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის პირობა დადეს.

“გარდამავალი ასაკის ბავშვებისთვის სკოლებთან მოლაპარაკება გვაქვს. სკოლებს ჰქონდათ გამოყოფილი ფართები და შექმნილი იყო მოსამზადებელი ჯგუფები. წელს სკოლებმა ფართის გამოყოფაზე უარი თქვეს, რის გამოც ეს პრობლემა შეიქმნა“, – განაცხადა ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ია ხალვაშმა.

მისივე თქმით, სკოლების ნაწილთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და მესამე სკოლამ ოთახის გამოყოფაზე დღეს განაცხადა თანხმობა. ამჟამად მოლაპარაკება მიდის მეექვსე სკოლასთან და პრობლემა სავარაუდოდ ერთ კვირაში გადაწყდება.

“ბაღს მიღმა სულ 200 – 300 ბავშვი დაგვრჩა. ეს ბავშვები რომ ბაღში დაგვეტოვებინა ახალ ნაკადს ვერ მივიღებდით,” – განაცხადა ხალვაშმა.

საქართველოს ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდა.