ქუთაისში უნიკალური გორელიეფის წინ კანალიზაციიდან ამოტუმბულ წყალს ღვრიან

1251

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული სავაჭრო ცენტრიდან კანალიზაციის წყალი ქუჩაში იღვრება. წყლის მილი გვირაბიდან სპეციალურად არის გამოყვანილი და ქუჩაში მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე ირთვება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

ე.წ. გვირაბი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, სადაც ასევე განთავსებულია გორელიეფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილზე გორელიეფის სანახავად ტურისტები მოდიან და ფოტოებს იღებენ.

ადგილზე მდებარე მაღაზიების მოვაჭრეების თქმით, ახლადგაკეთებული მილით წყალი კანალიზაციიდან მოედინება. როგორც ისინი აცხადებენ,  მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულები კანალიზაციის პრობლებით წუხდებიან, ამიტომ სატუმბი მოწყობილობა დააყენეს და დაგროვებულ წყალს ქუჩაში ღვრიან.

“გვირაბის მოვაჭრეებმა გააკეთეს ასე, თვითონაც იხრჩობიან იქ კანალიზაციის სუნით, მთელი ამ ქუჩის კანალიზაცია იქ გადის. ტუმბო დააყენეს და დაგროვებულ სითხეს ქაჩავენ, საშინელი სუნი აქვს, ეს სითხე ტროტუარზე იღვრება და გამვლელ-გამოვლელი მასში დადის. დროთა განმავლობაში აუტანელი დადდება,  აქ გაჩერება შეუძლებელი იქნება. ამ ამბით არავინ ინტერესდება. დღეს უცხოელი მივიდა და  ვაშლი გარეცხა. ძლივს გავაგებინეთ, რომ არ ეჭამა, რადგან ონკანის წყალი კი არა კანალიზაცია იყო და გადავაგდებინეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება მოიწამლოს ასე”, – განუცხადეს “ნიუპრესს” ადგილზე დასაქმებულებმა.

გვირაბში კანალიზაციის გამო პრობლემები ხშირად იქმნება. ბოლოს  აგვისტოში მოსულმა უხვმა ნალექმა მიწისქვეშა გადასასვლელი დატბორა. როგორც მაშინ ქუთაისის მერიაში განაცხადეს, სავაჭრო ცენტრს ტუმბო ქონდა დაზიანებული და მერია დაეხმარა სავაჭრო ცენტრს.

“ტუმბო ქონდა დაზიანებული და მე პირადად ვიყავი ჩართული, ამოვტუმბეთ წყალი, შემდეგ გარემონტდა ეს ტუმბო და ჩვეულებრივად მუშობდა. ეს არის კერძო ორგანიზაცია, მეპატრონე ვალდებულია,  მოუაროს თვითონ მის ფართს. ამ ფართში არის ასევე კანალიზაციის პრობლემა. მე გავიარე კონსულტაციები წყალკანალთან. წყალკანალმა მრავალჯერ  შესთავაზა მათ დახმარება, თუმცა არ ისურვეს რამდენიმე დღით შეეწყვიტათ რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, წყალკანალიც უძლური იყო იქ რამე გაეკეთებინა”, -განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ჩვენთან კომუნიკაციის შემდეგ  ადგილზე ზედამხედველობის სამსახური გავიდა.

“ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დარღვევაა, მილი სანიაღვრეში უნდა ჩაედინებოდეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამსახური,  გაცნობებთ”, – განაცხადეს მერიაში.