საქსტატი: აჭარაში ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი თბილისზე მაღალია

628

საქსტატის მონაცემებით, ინტერნეტით საქართველოს შინამეურნეობების 79.3%-ია  უზრუნველყოფილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5%-ით აღემატება.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8%-ით გაიზარდა და 86.1% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 5.1%-ით და 69.9%-ს მიაღწია.

აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარაშია – 89.8%, მეორე ადგილზე თბილისია  – 88.4%.

შედარებით დაბალია ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი შიდა ქართლში – 74.9%, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 74%, იმერეთი 73% და კახეთში – 65.3%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა ექვსი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6%-მა, რაც 6.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 78.8%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 58.6 პროცენტით განისაზღვრა.

ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 69.2%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 72.2%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 96.2%-ს შეადგენს.