რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

756

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართეს.

“რუსთავის მუნიციპალიტეტისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დანიის სამეფოს პროექტის -“ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ შედეგები, ასევე, ენერგოეფექტურობის კუთხით, რუსთავში განხორციელებული სხვა პროექტებიც განიხილეს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მატივე ცნობით, აღნიშნული პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის “საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.

მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა, რუსთავის მე-6 ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერეს.

მე-6 საბავშვო ბაღში, ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, 2015-2017 წლებში, ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით, სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ჩატარდა.

ევროკავშირის გრანტითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, 2015-2017 წლებში, “მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტი #6, #40 და #41 საბავშვო ბაღებში განახორციელა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სამომავლოდ, რუსთავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დანიის სამეფოს მხარდაჭერით იგეგმება.