ეკონომიკის სამინისტროს წყალობით, ქუთაისელი ბავშვები კვლავ ამორტიზებულ “მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში” ისწავლიან

1613

წინა სტატია

ქუთაისში არსებული ფუნქციადაკარგული სოლიდური შენობების პარალელურად, მოსწავლეები ყოვლად უსახურ, ამორტიზირებულ შენობაში სწავლობენ. დაწესებულებას, რომელსაც “მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე” ქვია, სასახლესთან საერთო არაფერი აქვს. ამასთან, შენობა არცთუ ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს, რაც დაინტერესებული ბავშვებისათვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

შენობაში არსებული მდგომარეობა სწავლის პროცესისათვის სრულიად შეუფერებელია.  ამორტიზირებული შენობიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გაყვანა და დაწესებულების სხვა შენობაში განთავსება წლებია განიხილება. ქუთაისის მერიაში წლის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს და შენობის გადაცემას ელოდებიან.

საკითხით პარლამენტარი მარიამ ჯაში დაინტერესდა და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე მაღალი ტრიბუნიდან რამდენჯერმე განაცხადა, რამაც პრობლემის გადაჭრის იმედი გააჩინა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ სექტემბერში ქუთაისელი მოსწავლეები  რეაბილიტერებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გააგრძელებდნენ სწავლას.

პარლამენტარი მადლობას უხდიდა იმერეთის გუბერნატორს და ქუთაისის მერიას, რომ  გარკვეული ნაბიჯები ალტერნატიული შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით უკვე გადაიდგა.

“იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეში უკვე გვექნება გადაწყვეტილება მიღებული და არა მხოლოდ ახალი შენობა გადაეცემა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, არამედ სექტემბრისთვის ბავშვები შეძლებენ, უკვე გარემონტებულ ახალ შენობაში გადასვლას და მათთვის საინტერესო მიმართულებებით სწავლის გაგრძელებას“, – აცხადებდა მარიამ ჯაში.

ალტერნატიულ შენობად პროკურატურის ყოფილი შენობა განიხილებოდა. როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი აცხადებს, შენობის საკითხი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა და 2 000-მდე მოსწავლე სწავლას 35-მდე ჯგუფში კვლავ ძველ, ამორტიზირებულ შენობაში გააგრძელებს. არსებული შენობის რეაბილიტაცია კი, მისი თქმით, სრულიად უშედეგო იქნება.

ქუთაისის მერიაში ახლაც იგივე პასუხი აქვთ, რაც წლის დასაწყისში ქონდათ. შენობის გადაცემას ეკონომიკის სამინისტროდან ამ დრომდე ელოდებიან, ახალი შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა (200 ათასი ლარი) კი ბიუჯეტში კვლავ რჩება.

რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან ამ თემაზე მუშაობა, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისიდან ტერიტორიების გადაცემას ითხოვს, ამ მხრივ ქალაქის თვითმმართველობა პრობლემას არ ქმნის და მიწის ნაკვეთებს და შენობებს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადასცემენ.