გლდანის მერვე მიკრორაიონში ავარიულ აივნებს ამაგრებენ

33

გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნებს ამაგრებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ექვსი სადარბაზოს 24 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცევა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდება.

“ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, იგება ფილები და ჩატარდება უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციაც”, – ამბობენ გამგეობაში.

სამუშაოებს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს “ბილდინგ კომპანი“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 269 850 ლარია გათვალისწინებული.

“მერვე მიკრორაიონში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო – ცვიოდა ფილის ფრაგმენტები და ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 24 აივანი გამაგრდება და მოსახლეობა ბევრად უფრო უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.